17 ნოემბერი 2024,   21:44
ვრცლად
საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირები სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმაც გაიხსენეს

საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირები ასევე სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმაც გაიხსენეს, რომლებიც დღეს გმირთა მემორიალთან იმყოფებოდნენ.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ ქვეყანამ უფრო მეტად და უფრო ღირსეული პატივი უნდა მიაგოს ომში დაღუპულ გმირებს, მათი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, ასევე, იმ ვეტერანებს, რომლებიც ამ ომში მონაწილეობდნენ.

"ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, ეს არის უპირველესი მიზანი, რაც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ გზა აქეთ გადის გაჭირვების დამარცხებაზე, ეკონომიკურ გაძლიერებაზე, პატივისცემაზე გმირებისთვის, მათი ოჯახების მიმართ, რომელმაც თავი შესწირეს ქვეყანას და პატივისცემა ყველა ვეტერანის მიმართ, რომელიც იბრძოდა და იცავდა ჩვენს სახელმწიფო ინტერესებს," - განაცხადა პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ხატია დეკანოიძე დარწმუნებულია, რომ  საქართველოა აუცილებლად გამთლიანდება. 

"ეს არის უდიდესი ტკივილი ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი სახელმწიფოსთვის, მაგრამ რა თქმა უნდა სრულიად საქართველო არის ერთიანი იმ აზრში, უმრავლესობა, რომ ჩვენ აუცილებლად დავიბრუნებთ სოხუმს და აუცილებლად დავბრუნდებით და საქართველო გამთლიანდება," - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მათი განცხადებით, ხელისუფლებამ უფრო ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას კონფლიქტის მოსაგვარებლად.

"ყველასთვის ეს ძალიან მძიმე და ტრაგიკული დღეა. მე ვფიქრობ, რომ ერთნაირად ტრაგიკული დღეა ქართველებისთვისაც და აფხაზებისთვისაც. ყველაზე სამწუხაროა ის, რომ რამდენი წელია უკვე აქ მე და ჩემი თანაგუნდელები და ოჯახის წევრები მოვდივართ, ვხვდებით ამ გაუბედურებულ ადამიანებს, რა თქმა უნდა პატივს მივაგებთ ამ ბიჭებს, რომელთა გვარებიც არის ამ კედელზე გამოსახული, მაგრამ არც ერთი ნაბიჯი წინ არ იდგმება იმისათვის, რომ აფხაზები და ქართველები შერიგდნენ," - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

დღის ამბები