17 ნოემბერი 2024,   21:43
ვრცლად
თავდასხმა ბოლნისში - გოგი მეშველიანის თქმით, "ქართული ოცნების" შტაბის ტერიტორიაზე მათ აქტივისტებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრები დაესხნენ თავს

"ქართული ოცნების" ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ინფორმაციით, დაპირისპირება ბოლნისში დღეს "ქართული ოცნების" ოფისის ტერიტორიაზე მოხდა. გოგი მეშველიანი ამბობს, რომ თავდასხმის დეტალები მისთვის, ჯერჯერობით, უცნობია, თუმცა აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრების მხრიდან "ქართული ოცნების" აქტივისტების მისამართით მუქარა არაერთხელ გაჟღერებულა.

"დღეს საღამოს ჩვენი აქტივისტების ჯგუფს, რომლებიც სოფელ ნახიდურში დაკავებულები იყვნენ სააგიტაციო პლაკატების გაკვრით და ვერბალური აგიტაციით, თავს დაესხა ადგილობრივი "ნაციონალური მოძრაობის" ხელმძღვანელი არიფი უსუპოვი, თავის მეგობრებთან და ნათესავებთან ერთად.

გამოყენებული იყო ხელკეტები და ორი ჩვენი დაზიანებული აქტივისტი გადაყვანილია საავადმყოფოში," - ამბობს მეშველიანი.

მისივე განცხადებით, ორი დღის წინ "ქართული ოცნების" ერთ-ერთ აქტივისტს, ხაიამ ისაევს დაემუქრნენ, რომ თუ "ქართული ოცნების" სასარგებლოდ გააგრძელებდა მუშაობას, ფიზიკურად გაუსწორდებოდნენ.

დღევანდელი ინციდენტისას, მეშველიანის ინფორმაციით, ისაევი არ დაშავებულა. ფაქტის თვითმხილველები კი, ამ წუთებში, გამოკითხვაზე არიან გადაყვანილი.

"აქამდე ვიდეოჩანაწერები არ მინახავს, ეს ინციდენტი მოხდა ჩვენი შტაბის მიმდებარე საჩაიეში, სადაც ჩვენი აქტივისტები შესულები იყვნენ დასასვენებლად და იქ მოხდა მათზე თავდასხმა, როდესაც მოხერხდა იქ სიტუაციიის განმუხტვა და აქტივისტები დაბრუნდნენ სახლში, მერე მოხდა მათზე კონცენტრირებული თავდასხმა ხელკეტებით.

ნახიდურის მიკროშტაბის ტერიტორიაზე ხდება ეს ყველაფერი. ვინ ვის დაესხა თავს და რა მოხდა, გამოძიების პრეროგატივაა, თუმცა ის, რომ ორი დღის წინ ბატონი უსუპოვი ჩვენს აქტივისტებს დაემუქრა ანგარიშსწორებით, ნათლად მიანიშნებს, ვინ იყო ინიციატორი და პროვოკატორი" - განაცხადა გოგი მეშველიანმა.

დღის ამბები