სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის ხელმძღვანელმა მამუკა არეშიძემ, "დღის კურიერის" ეთერში შეკითხვაზე - არსებობს თუ არა რესურსი, რომ სომხეთ-აზერბაიჯანს შორის კონფლიქტი დამთავრდება მშვიდობიანი მოლაპარაკების გზით, განაცხადა, რომ 5 რეგიონთან დაკავშირებით, არსებობდა ეს კომპრომისის შეთავაზებები მხარეებს შორის, მაგრამ, საკითხზე კონსენსუსი ვერ შედგა და ამჯერად კი, ეს დაგვიანებულია.
"ის შეთავაზება, რაც ადრე არსებობდა 5 რაიონთან დაკავშირებით, რომელიც სომხეთს მკვიდრად აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ჰქონდა დაკავებული, ეხება კონფლიქტის მშვიდობიანად დასრულებას, მაგრამ ეს უკვე დაგვიანებულია, რადგანაც თავის დროზე, კონფიდენციალური შეხვედრები იმართებოდა 5 რაიონის დაბრუნებაზე, მაგრამ ამ საკითხზე კონსენსუსს ვერ მიაღწიეს. ახლა კი, ამ ვითარების შეცვლის ფასი ბევრად მეტია. გარდა ამისა, აზერბაიჯანის ხელისუფლების განწყობები, როგორც ჩანს, უფრო ამბიციურია, ვიდრე შეტევის მოგერიება და თუნდაც კონტრ-შეტევა. მათ სავარაუდოდ გადაწყვეტილი აქვთ, რომ სულ მცირე სიტუაციას ძალიან ღრმა ტესტირება ჩაუტარონ და ნახონ რისი გაკეთება შეუძლია მოწინააღმდეგე მხარეს,"- განაცხადა მამუკა არეშიძემ.
რატომ შეიცვალა განწყობები იმასთან დაკავშირებით, რომ მხარეები მშვიდობიან მოლაპარაკებაზე უნდა შეთანხმებულიყვნენ - მამუკა არეშიძე აცხადებს, რომ ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით შევიდა კონფლიქტი მძიმე ფაზაში.
"არსებობს პანდემიის გამო მძიმე ფონი და დაპირისპირებულ ქვეყნებში მძიმე ეკონომიკური ვითარება. არსებობს ის გარემოებაც, რომ რეგიონის მსხვილი მოთამაშეები, თავისი პოლიტიკის გატარებას ცდილობენ, იქნება ეს თურქეთი თუ რუსეთი. ასეთი ტიპის გაყინული კონფლიქტების გალღობა, არ ხდება მსხვილი მოთამაშეების გათვალისწინებისა და მათი ინიციატივების გარეშე. შეიძლება ისინი არ ჩანან, მაგრამ მოიაზრებიან ამ კონფლიქტში. ბევრი ფაქტორი არსებობს, მაგრამ რომელია სწორი, ან არის თუ არა მათი ერთობლიობა ჯერ არ ვიცით. მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ კონფლიქტის დრო შესაბამისად იყო შერჩეული. მოგვეხსენება, რომ აშშ-ში არჩევნებია და აქედან გამომდინარე, ნაკლები ყურადღება ექცევა მაგალითად ისეთ რეგიონს, როგორიც კავკასიაა. მგონია, რომ ეს მხოლოდ ორი ქვეყნის დაპირისპირება არ არის, ეს არის კომპლექსური მიდგომა,"- აღნიშნავს მამუკა არეშიძე.
რა როლი შეიძლება ჰქონდეს მოსკოვს სომხეთ-აზებაიჯანს შორის არსებულ დაპირისპირებაში:
"უნდა განვსაზღვროთ მოსკოვის ამოცანა და გავიმეოროთ, რომ ეს არის მისთვის უმნიშვნელოვანესი კონტროლი მთლიანად სამხრეთ კავკასიის რეგიონზე. მეორე ამოცანა, რომელიც ყარაბაღს უკავშირდება - მოსკოვს ყოველთვის ჰქონდა სურვილი, რომ შუამავლის როლი შეესრულებინა სამხედრო თვალსაზრისით, ანუ, შუაში სამშვიდობოები ჩაეყენებინა. ეს კიდევ უფრო გააძლიერებდა სამხედრო ყოფნას სამხრეთ კავკასიაში.
გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ თურქეთის პოლიტიკა მართლაც საფრთხის შემცველია, ასე თვლიან მოსკოვში, რომ თურქეთი შავი ზღვის აუზსა და კავკასიაში, ბოლო წლებია ძალიან აქტიურად მუშაობს ერდოღანის ახალი პოლიტიკის კონტექსტში. არ არსებობს გარემოება, რაც არ უნდა პარტნიორები იყვნენ რუსეთი და თურქეთი, რომ რუსეთი თურქეთის კავკასიაში ყოფნას შეურიგდეს, ან პირიქით, თურქეთი დათანხმდეს იმ მდგომარეობას, არც ახლა კავკასიაში აქვს.,"- ამბობს მამუკა არეშიძე.
აღსანიშნავია, რომ თურქეთი ამ დრომდე ღიად არ აფიქსირებდა კონფლიქტში ჩართული ორი მხრიდან ერთ-ერთის მხარდაჭერას, თუმცა ეს განწყობები შეიცვალა და თურქეთი მხარს ღიად უჭერს აზერბაიჯანს.
"თუ დავაკვირდებით თურქეთის პოლიტიკის აქტიურობას ოსმალეთის იმპერიის ყოფილი გავლენების სფეროში, მივხვდებით, რომ ყარაბაღი და საერთოდ, სამხრეთ კავკასია ფრაგმენტია. დღეს, თურქეთი ცდილობს ნაციონალისტური რიტორიკით, მათ შესაძლოა იდეოლოგიური მყარი ბაზა მოიპოვონ საკუთარ ქვეყენაში," - აცხადებს არეშიძე.
მნიშვნელოვანია, კონფლიქტში საქართველოს, როგორც კავკასიის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული სახელმწიფოს როლი. რა გავლენას იქონიებს საქართველოზე ეს პროცესები:
"თოუზის რაიონში, რომელიც ყარაბაღის გარეთ არის და სადაც ივლისში იყო შეტაკება, მართლაც ახლოს არის საქართველოსთან. ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ამ რაიონში შესაძლოა, საომარი მოქმედებები განახლდეს. დღევანდელი ხელისუფლების ერთ-ერთი დიდი მონაპოვარი არის ის, რომ მან მშვიდობის შენარჩუნება მოახერხა და თავისი არსებობის პერიოდში, სამხედრო კონფლიქტში საქართველოს მონაწილეობა არ მიუღია. ამის შენარჩუნება ჩვენნაირ რეგიონში ძალიან რთულია. თუ კონფლიქტი გაგრძელდება, ეკონომიკური და ჰუმანიტარული კოლაფსი, რა თქმა უნდა, საქართველოსაც შეეხება და მეტიც, ეს კატასტროფის ტოლფასი იქნება. თუ ვერსიულად ვიმსჯელებთ, შესაძლოა ერთმანეთის საწინააღმდეგო ტერაქტებიც იყოს. ორივე ქვეყნისთვის ენერგოსასიცოცლო მატარებლის ხაზი საქართველოს ტერიტორიაზე გადის. ჯერჯერობით, ჩვენ საკმაოდ ვირტულაური დარტყმის ქვეშ ვართ და აქედან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლება მიუხედავად იმისა, რომ მანევრების საშუალება ნაკლებად აქვს, მისი ამოცანა, მხარეებისთვის არა მხოლოდ მშვიდობიანი პლატფორმის შეთავაზება უნდა იყოს, არამედ მსოფლიოს მუდმივი მოქაჩვა იმისათვის, რომ ამ კონფლიქტმა მასშტატები არ შეიძინოს,"- აცხადებს მამუკა არეშიძე.