საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრის შეფასებისას განაცხადა, რომ შარლ მიშელთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა ევროკავშირში ინტეგრაციას, როგორც საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტს, რომელიც ქვეყნის კონსტიტუციაში არის ასახული.
როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, საუბარი შეეხო საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესრულების თვალსაზრისით და სავიზო ლიბერალიზაციის კუთხით.
"მაგრამ ჩვენ უფრო ამბიციური გეგმები გვაქვს და სწორედ ამ ამბიციურ გეგმებზე და მომავალ პერსპექტივებზე იყო ყურადღება გამახვილებული ყველა შეხვედრაზე. მიშელთან შეხვედრის დროს ეს იყო ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და ხაზი გაესვა ასევე ჩვენს შემდგომ ინტეგრაციულ პროცესებს, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია, რომლიც ქვეყნის კონსტიტუციაში არის ასახული“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, პრემიერ-მინისტრის მიერ ევროკავშირში გამართულ შეხვედრებზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოს ფიზიკურ ინტეგრაციაზე ევროკავშირში და ხაზი გაესვა ქვეყნის ადგილს და როლს შავი ზღვის რეგიონში.
"ჩვენ გვჭირდება მეტი ჩართულობა, მეტი ინტეგრაცია, ფიზიკური ინტეგრაცია ეკონომიკის სხვადსხვა მიმართულებით, როგორიც არის კავშირგაბმულობა, ტრანსპორტი, ენერგეტიკა, მეტი მონაწილეობა ევროკავშირის პროგრამებსა და სააგენტოებში. ანუ, ჩვენ ფაქტიურად უკვე უნდა ვიმოქმედოთ, როგორც ასპირანტმა წევრმა ქვეყანამ და მოლოდინები, როგორც საქართველოში, ისე ევროკავშირის მხრიდან, რომ საქართველო ყველაზე სწრაფად ინტეგრირდება ევროკავშირში, კიდევ ერთხელ იყო ხაზგასმული და ვფიქრობ, მომავალი შეხვედრები, რომელიც ხვალ გვექნება, იქნება მყარი საფუძველი და გარანტორი იმისა, რომ საქართველოს ევროპეიზაციის კურსი არის შეუქცევადი“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.