17 ნოემბერი 2024,   21:52
ვრცლად
ჩვენ უკვე ვართ ნატოსთან ურთიერთობის ახალ ეტაპზე, განსაკუთრებით შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში - ვიქტორ დოლიძე

საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ვიქტორ დოლიძე აცხადებს, რომ საქართველოს რეგიონში განსაკუთრებული როლი ენიჭება შავი ზღვის უსაფრთხოების თვალსაზრისით. 

როგორც მან "დღის კურიერში" აღნიშნა, საქართველოსა და ნატოს ურთიერთობა უკვე ახალ ეტაპზეა გადასული. 

"ეს გზავნილები თავისთავად მეტყველებს ამ თანამშრომლობის სერიოზულობაზე. საქართველო, დიახაც, არის ნატოს სერიოზული ასპირანტი ქვეყანა, ის გახდება ნატოს წევრი და ეს არაერთხელ აღინიშნა მთელი ამ დროის განმავლობაში. გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ მას ძალიან კარგად ახსოვს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებები და არავითარ შემთხვევაში არ აპირებს ვინმე, რომ ეს გადაწყვეტილებები დაივიწყოს. აქედან გამომდინარე, ნატოში საქართველოს წევრობა არის მხოლოდ დროის ფაქტორი, სანამ მიღებული იქნება შესაბამისი პოლიტიკური გადაწყვეტილება.

ჩვენ უკვე ვართ ურთიერთობის ახალ ეტაპზე, განსაკუთრებით შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერების კონტექსტში. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო იქნება ის ქვეყანა, რომელმაც შესაძლოა ითამაშოს უსაფრთხოების ჰაბის როლი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. ეს არის ჩვენი ისტორიული ფუნქცია და ამაზე ყველა თანხმდება.

დღეს გენერალურმა მდივანმა როგორც ორმხრივ შეხვედრაზე, ასევე ჟურნალისტებთან დაადასტურა ეს კონცეფცია. ჩვენ რეგიონში გვენიჭება განსაკუთრებული როლი, არა მხოლოდ ამ მიმართულებით, არამედ დემოკრატიული რეფორმების გატარების მიმართულებით.

რუსეთის აგრესიამ და განსაკუთრებით 2008 წლის შემდეგ მომხდარმა მოვლენებმა ძალიან დააფიქრა ალიანსის წარმომადგენლები და მათ შორის შექმნა კიდევ უფრო მეტი საფუძველი იმისა, რომ შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერება არის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი საერთოდ ალიანსისთვის და ეს მხოლოდ უკრაინასა და საქართველოს არ ეხება,"- განაცხადა ვიქტორ დოლიძემ. 

დღის ამბები