პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, დავით გარეჯთან დაკავშირებით, უწყებაში უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
გარდა ამისა, ვოლსკიმ "ღამის კურიერში" "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ლევან ბეჟაშვილის განცხადებასაც უპასუხა, რომელმაც აღნიშნა, რომ ამ საკითხით ხელისუფლება ცდილობს, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" თავის მართლების რეჟიმში ჩააყენოს და ბრალი დასდოს.
ვოლსკი ამბობს, რომ მას არ გაუკვირდება, თუ გამოძიება მსგავს ფაქტს დაადგენს.
"ნეტავ რატომ არ მიკვირს... [რომელ პერიოდზეა საუბარი] არ ვიცი, მე ზუსტად ვერ გეტყვით, არ დამიგდია ყური. იცით რას გეტყვით, თუ ეს გამოვლინდა და ნამდვილი ფაქტი იქნა, რაც გინდათ ის განაცხადოს ბეჟაშვილმა. რა დემარკაციაზე საუბარი, აგერ რუსეთთან არა გვაქვს ახლა მაგის დრო, თორემ მოგიყვებით რა გააკეთეს. რუსეთს დღეს ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორია და რა გამიკვირდება, რომ დემარკაციასთან დაკავშირებით რაღაც გადაცდომა იყოს. რა "წინასაარჩევნოდ"?! ბეჟაშვილმა აწონოს, ერთი, თავისი პარტიის რეიტინგი და სააკაშვილის რეიტინგი, იქიდან 11-ჯერ რომ დაიყვირა ჩამოვალო ანდა ადამიანის რეიტინგი, რომელიც დღეს მოუწოდებდა მხარეებს აზერბაიჯანელებს და სომხებს ცალკე, ახლა აზერბაიჯანელებს მოუწოდებს, რომ როგორმე შემოვიდნენ საქართველოში თავისი პრეტენზიებით, იმათ ჰკითხეთ პროვოცირება და იმათგან მოიკითხეთ სამშობლოს ღალატის ტოლფასი შეცდომები, თუ პირდაპირ შეთქმულებაში მონაწილეობა არა," - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
ცნობისთვის, დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურა საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით აწარმოებს.
"კურიერის" ინფორმაციით, გამოძიების ინტერესს წარმოადგენს დემარკაციის კომისიის 2006-2007 წლების საქმიანობა.