19 მაისი 2024,   22:38
ვრცლად
აზერბაიჯანმა და სომხეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს - გადაწყვეტილება ძალაში შევიდა

თითქმის ათ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა მოსკოვში აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა. მოლაპარაკების შედეგად, მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს. შესაბამისი დოკუმენტი მედიას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გააცნო

შეხვედრა ვლადიმერ პუტინის ინიციატივით გაიმართა. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ძალაში 2020 წლის 10 ოქტომბრის 12 საათიდან შევიდა. სომხეთი და აზერბაიჯანი, დოკუმენტის მიხედვით, სამხედრო ტყვეების, დაკავებული პირებისა და დაღუპული სამხედროების ცხედრების გაცვლაზე შეთანხმდნენ. უახლოეს მომავალში, მხარეები მინსკის ჯგუფის ფორმატში, კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დასარეგულირებლად მოლაპარაკებებს განაგრძობენ.

"ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად შეთანხმებას მივაღწიეთ. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ძალაში შედის 2020 წლის 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან, ჰუმანიტარული მიზნებიდან გამომდინარე, რათა მოხდეს სამხედრო ტყვეებისა და სხვა დაკავებული პირების გაცვლა, ასევე დაღუპული სამხედროების ცხედრების გაცვლა წითელი ჯვრის შუამავლობით და დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით. აზერბაიჯანის და სომხეთის რესპუბლიკა ეუთოს მინსკის ჯგუფის სახელმწიფოთა შუამავლობით, დარეგულირების საბაზისო პრინციპებზე დაყრდნობით შეუდგებიან არსებით მოლაპარაკებებს, კონფლიქტს უსწრაფესი და მშვიდობიანი დარეგულირების მიზნით,"-განაცხადა სერგეი ლავროვმა.

სამმხრივი მოლაპარაკების პარალელურად, ილჰამ ალიევმა CNN-თან ინტერვიუში ეუთოს მინსკის ჯგუფის მუშაობა გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ რამდენიმე ათეული წელია პრობლემა ვერ გადაიჭრა. ალიევის თქმით, აზერბაიჯანს საკუთარი ტერიტორიებისთვის ბრძოლა თავის მიწაზე უწევს. ილჰამ ალიევმა თურქეთის მხარდაჭერაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თურქეთი რეგიონში სტაბილურობის გარანტია.
 
"28 წელია საერთაშორისო შუამავლობაში ვართ. ამ დროის განმავლობაში ეუთოს მინსკის ჯგუფის "მოქმედება" სინამდვილეში არის პასიური ფორმა, 1992 წლიდან და ამ შუამავლობამ არაფერი მოგვიტანა. აზერბაიჯანის მიზანი საკუთარი ხალხისა და ტერიტორიის გათავისუფლებაა. თურქეთი რეგიონში სტაბილურობის დამყარებას უწყობს ხელს, განსაკუთრებით კი, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის კუთხით. ყველა ქვეყანა ცდილობს ჰყავდეს პარტნიორი და მოკავშირე. აზერბაიჯანი მოხარულია, რომ ჰყავს ისეთი პარტნიორი, მოკავშირე და ძმა, როგორიც თურქეთია,"-განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.
 
რუსეთში სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მოლაპარაკების ფონზე - სომხური მედიის ინფორმაციით, სომხეთის სამხრეთით აზერბაიჯანული უპილოტო საფრენი აპარატების მიმოსვლა გააქტიურდა. აზერბაიჯანი კი სომხეთს რამდენიმე რაიონისა და დასახლებული პუნქტის დაბომბვაში სდებს ბრალს. ორივე მხარე მიღწეული შეთანხმების ძალაში შესვლამდე ერთმანეთს პროვოკაციულ ქმედებებში ადანაშაულებს.

 

 

დღის ამბები