ბანკში შეჭრიდან მეცხრე დღეს ბოროტმოქმედი ისევ თავისუფალია. ტერორიზმში ბრალდებულ ბადრი ესებუას მამამ დღეს სატელევიზიო ეთერიდან მიმართა. ტარიელ ესებუამ შვილს პოლიციისათვის ჩაბარება ურჩია.
ბადრი ესებუას მამასთან ბოლოს კომუნიკაცია 21 ოქტომბერს, ბანკში შეჭრის დღეს, მძევლების აყვანიდან დაახლოებით 3 საათში ჰქონდა. მომდევნო დღის დილის 4 საათიდან კი სოფელ კირცხიდან მისი კვალი ქრება. ამ დღიდან მას სამართალდამცველები ეძებენ, თუმცა, ამ დრომდე უშედეგოდ.
დღეს რამდენიმე მედიის მიერ გავრცელებული ვიდეოკადრების საპასუხოდ, რომელშიც ჩანს, რომ ბადრი ესებუა ქუჩაში გადაადგილდება, შსს-მ თარიღის მითითებით სათვალთვალო კამერის ჩანაწერები გაასაჯაროვა და განაცხადა, რომ მასალა ბანკში შეჭრამდე 2 კვირით ადრეა გადაღებული.
"კურიერმა გაარკვია", რომ ვიდეომასალა ტერორიზმში ბრალდებულის სენაკის მუნიციპალიტეტის ქუჩებში გადაადგილებას ასახავს. ვიდეომასალა რომ ძველია, ამის დასამტკიცებლად დღეს ესებუას მამამ ჟურნალისტებს ის ტანსაცმელი უჩვენა, რომელიც მის შვილს კადრებში აცვია.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ბადრი ესებუას ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით სამძებრო მოქმედებებს აქტიურ რეჟიმში ამ დრომდე მიმდინარეობს.