"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე გავრცელებულ ხმებს იმასთან დაკავშირებით, რომ მისი პარტია პარლამენტში შესვლას აპირებს, კატეგორიულად უარყოფს.
გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, რომ მცდარი ინფორმაცია "ნაციონალური მოძრაობის" მიერაა გავრცელებული, რომელსაც არა "ქართული ოცნების" დამარცხება, არამედ ბოლომდე პირველ ოპოზიციურ პარტიად დარჩენა სურს.
"სტრატეგია აღმაშენებელი შეთანხმების გარეშე არსად შესვლას არ აპირებს და ისევ ბინძური თავდასხმის ობიექტი გავხდით, როგორც წინასაარჩევნო პერიოდში არაერთხელ. სწორედ იმ ძალებმა, რომლებიც დღეს ოპოზიციურ ერთობაზე საუბრობენ, მათ შორის, ნიკა გვარამიას მხარდაჭერილმა ძალებმა, წინასაარჩევნოდ დაარღვიეს საერთო ოპოზიციური შეთანხმებები. მისი უშუალო მონაწილეობით, დამიყენეს კანდიდატი ისნის რაიონში და ჩაშალეს ის ძალიან დიდი პროცესი, რომელსაც დიდი გამარჯვება უნდა მოეტანა ქართველი ხალხისთვის.
ჩემი და ჩვენი გუნდის ამოცანაა, რომ მოსახლეობის ის 30%, რომელმაც, თუნდაც, ამ არჩევნებზე არც ნაცებს და არც ქოცებს ხმა არ მისცა, ის ყველა უნდა გავაერთიანოთ, რომ ამ მოჯადოებული წრიდან გამოვიდეთ. არცერთ შემთხვევაში არ ვაპირებ სხვის რიტორიკაზე აყოლას, ამ ბინძურ ქმედებებზე აყოლას და ყველას ვეუბნები, თავი შეიკავეთ ამ სიბინძურისა და თავდასხმებისგან. ჩემი და თქვენი გზები, როგორც ჩანს, მართლაც განსხვავდება."- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.