ერთიანი ოპოზიციის შიდა დაპირისპირება - გიორგი ვაშაძე ახალი გაერთიანების შექმნას აანონსებს. ის ბრძოლის გაგრძელებას აპირებს "ქართული ოცნების" წინააღმდეგ, თუმცა "ნაციონალური მოძრაობის" გარეშე. გეგმა ასეთია, ის იქნება მესამე მძლავრი ცენტრი, რომელიც უნდა გახდეს პირველი.
მიუხედავად ასეთი გეგმებისა, სტრატეგია აღმაშენებლის წევრი სერგო ჩიხლაძე ამბობს, რომ ისინი "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაპირისპირებულები არ არიან:
"მე არ ვიტყოდი, რომ რაღაცა დაპირისპირებაა, რა თქმა უნდა სხვადასხვა პარტიები ვართ სხვადახვა ხედვა გვაქვს და იმიტომაც ვართ ჩვენ სტატეგია აღმაშენებელი და იქით ნაციონალური მოძრაობა. ეს ამას არ უკავშირდება. თქვენ თუ გადახედავთ ჩვენს წინასაარჩევნო პროგრამას და კამპანიას, დიახაც, ამაზე იყო აგებული, რომ უნდა ჩამოვყალიბდეთ მძლავრ პოლიტიკურ ცენტრად და ამისი ამბიცია ნამდვილად გვაქვს. კონსულტაციები ამ საკითხზე არავისთან არ არის ჯერჯერობით, მომავალში ვნახოთ,"- აცხადებს სერგო ჩიხლაძე.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ გიორგი ვაშაძეს შეუძლია ისე შეადგინოს საკუთარი დღის წესრიგი როგორც საჭიროდ თვლის.
"ახლა არ არის იმის დრო რომ ოპოზიციურმა პარტიებმა ერთმანეთზე თავდასხმა მივიტანოთ. ვისაც რა უნდა ის ცენტრი შექმნას და მოძრაობა დააარსოს, მაგრამ ერთი რამ ვიცოდეთ "ნაციონალური მოძრაობის" ლანძღვა არ იქნება ის სივრცე, სადაც რომელიმე პოლიტიკურ ძალას ექმნება წარმატება ოპოზიციურ ფლანგზე,"- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
"ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" მიღმა ძლიერი პოლიტიკური ცენტრის არსებობა მნიშვნელოვნად მიაჩნიათ "ევროპულ საქართველოში".
კონსულტაციები როდესაც გვექნება ამაზე, გაცნობეთ, ჩვენ ვთანამშრომლობთ აქტიურად საერთო ოპოზიციური ფორმატის ფარგლებში, ხოლო ზოგადად რაც შეეხება ძლიერი ცენტრის არსებობას, რომელიც იქნება "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" მიღმა, ეს ქვეყანას ნამდვილად სჭირდება და ევროპულ საქართველოსაც მიაჩნია, რომ ეს არის მნიშვნელოვანი რამ," - აცხადებს "ევროპული საქართველოს" წევრი სერგი კაპანაძე.
დასახული ამოცანების არსებული ერთიანობით მიღწევაზე ამახვილებს ყურადღებას "ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი:
"როგორ ჩამოყალიბდება პოლიტიკური პროცესები და პოლიტიკური ლანდშაფტი ეს მნიშვნელოვანი საკითხია, მაგრამ ახლა ამ მოცემულობაში ის ერთიანობა, რომელიც მიღწეულია ოპოზიციაში, მიუხედავად ჩვენი ძალიან ბევრი განსხვავებებისა, ეს არის მნიშვნელოვანი და ამის ირგვლივ უნდა ვიყოთ კონცენტრირებული," - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.
პარტია "მოქალაქეებში" კი ამბობენ რომ ცალკეული ამოცანების გადასაწყვეტად თანამშრომლობა შესაძლებელია, თუმცა, პარტიულად ვინმესთან გაერთიანებას გამორიცხავენ:
"ამას მეც ვეთანხმები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ვიღაცასთან ერთად უნდა იყო ან ვიღაცასთან ბლოკი ან კოალიცია უნდა გქონდეს. ამას პროცესი გამოაჩენს, ყოველ შემთხვევაში ჩვენ ვინმესთან რაღაცა ტიპის კონსულტაციები არ გვაქვს. დღეს ვზივართ ოპოზიციურ ერთობაში ხალხთან რომელთანაც არაფერი საერთო არ გვაქვს, იმიტომ რომ ამოცანაა. თუ რაღაცა ამოცანა იქნება, სადაც მოგვიწევს ერთად გადაწყვეტა შეიძლება გადავწყვიტოთ, მაგრამ პარტიულად ვინმესთან გაერთიანებაზე ზედმეტია ლაპარაკი," - განაცხადა ლევან იოსელიანმა.