17 ნოემბერი 2024,   15:51
ვრცლად
სერგო ჩიხლაძის თქმით, მზად არიან, საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებულ შეთავაზებაზე იმსჯელონ

მმართველი გუნდი მზად არის, არჩევნების შედეგების შესწავლის შემდგომ ცდომილების არსებობის შემთხვევაში რიგგარეშე არჩევნები დანიშნოს. ხელისუფლებისგან მიღებულ წინადადებას, რომელიც პარლამენტის ამუშავების შემდეგ საგამოძიებო კომისიის შექმნას ეხება, "დღის კურიერის"ეთერში პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" პოლიტიკური საბჭოს წევრი სერგო ჩიხლაძე ეხმაურება.

სერგო ჩიხლაძე აცხადებს, რომ აღნიშნულ საკითხზე როგორც პარტიის შიგნით, ასევე გაერთიანებული ოპოზიციის ფორმატში იმსჯელებენ.

"ამ პირობას რაც შეეხება, ეს დღეს გაჟღერდა ოფიციალურად და ჩვენ ამაზე ვიმსჯელებთ როგორც პარტიის შიგნით, ასევე გაერთიანებულ ფორმატში ოპოზიციური პარტიების, რომელიც დღეს ან ხვალ შედგება, ამაზე ვიმსჯელებთ და დავაფიქსირებთ ჩვენს პოზიციებს. ახლა თავს შევიკავებ ამაზე საუბრისგან.

ეს საპირწონედ, ალბათ, ვერ გამოდგება იმავე - პატიმრების თემის, ან პლებისციტის და ა.შ., მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ამაზე ვიმსჯელებთ და პოზიციებზე შევჯერდებით, მაგრამ აქ ძალიან მნიშვნელოვანია დეტალები, არა მარტო განცხადება კომისიაზე, არამედ დეტალები, რა პრინციპით ფორმირდება, ვინ არის თავმჯდომარე, როგორია მისი გადაწყვეტილებების  მიღების მანდატი, რეალურად რა ძალა ექნება და ა.შ. ბევრი დეტალია კიდევ დასაზუსტებელი, რომ ჩამოყალიბებული პოზიცია მოგახსენოთ, თუმცა კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვნად რჩება ის ფუნდამენტური საკითხები, რომელიც შეტანილია ერთობლივი კონსენსუსის გზით ოპოზიციის მიერ," - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

დღის ამბები