"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” წევრი, მიხეილ სარჯველაძე იმ შეთავაზებაზე საუბრობს, რომელიც საგამოძიებო კომისიის შექმნას გულისხმობს. მისი თქმით, ეს შეთავაზება სააშკარაოზე გამოიტანს ყველა ზრახვას, რომელიც პოლიტიკურ ჯგუფებს შესაძლოა ჰქონდეთ.
"პოლიტიკურად თუ შევაფასებთ ამ შეთავაზებას, ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყეტილება გახლდათ, იმის გათვალისწინებით, რომ ეს იქნება ლაკმუსის ფურცელი, ასე შეგვიძლია ვუწოდოთ ბევრი თვალსაზრისით, ვინაიდან, ეს სააშკარაოზე გამოიტანს რეალურ ზრახვებს, რომელიც შეიძლება ცალკეულ პოლიტიკურ ჯგუფებს, ოპოზიციის მხარეს არსებულ პოლიტიკური ჯგუფებს ჰქონდეთ და რომელიც შეიძლება არც თუ ისე კარგად წარმოჩინდებოდეს საზოგადოების თვალში.
რამდენად გულწრფელი შეიძლება იყოს ესა თუ ის პოლიტიკური ჯგუფი მიმდინარე პოლიტიკურ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით და აქ მე ვფიქრობ, რომ ძალიან აშკარად გამოჩნდება ის დამოკიდებულება, დაარწმუნოს ამომრჩეველი რამდენად გულწრფელია თითოეული პოლიტიკოსი, როდესაც აკეთებს განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ მაგალითად მოხდა არჩევნების გაყალბება.
პრაქტიკულად, სრულფასოვანი ინსტრუმენტი იქნა შეთავაზებული იმისთვის, რომ თუკი სადმე რაიმე კითხვის ნიშანი შეიძლება რჩებოდეს და შესაძლებელია ვინმეს ჰქონდე რწმენა იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება არჩევნები გაყალბდა, ამის გამორიცხვის იდეალური შესაძლებლობა იქნა მინიჭებული. სამართლებრივად გამართულ გზა. შესაბამისად, თუკი რომელიმე პოლიტიკური პარტიისთვის ეს მიუღებელი აღმოჩნდება, ბუნებრივია ეს სააშკარაოზე გამოიტანს რეალურ ზრახვებს, რომელიც შეიძლება ასეთ პოლიტიკურ ჯგუფებს ჰქონდეთ,“ - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.