წარმომადგენელთა პალატამ სენატთან შეთანხმებული თავდაცვის ბიუჯეტი დაამტკიცა. მომავალი წლის "ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში“ ბევრ სხვა საკითხთან ერთად საქართველოზეცაა საუბარი, იმ კონტექსტში, რომ უკრაინასთან ერთად იგი აუცილებლად გახდება ნატოს წევრი, მანამდე კი რუსული აგრესიის შესაკავებლად ვაშინგტონს შავი ზღვისთვის მეტი ყურადღების მიქცევა მართებს.
თავდაცვის კუთხით საქართველოს მხარდაჭერაზე გააქტიურდნენ ამერიკულ პოლიტიკურ ელიტაშიც. ყოფილი მაღალჩინოსნები, ახლა უკვე ექსპერტების რანგში მეტი სითამამით საუბრობენ იმაზე, რომ ბუქარესტის სამიტის დაპირების შემდეგ ნატოში კონკრეტული სტრატეგიის არქონამ უკრაინა და საქართველო გარკვეულწილად დაჩაგრა და ახლა დროა ალიანსმა მეტი მორალური სიცხადე გამოიჩინოს, რაც მისივე ინტერესშია. მას შემდეგ, რაც საერთაშორისო ექსპერტთა ნაწილმა რამდენიმე დღის წინ ნატოს საქართველოსთვის და უკრაინისთვის მაპის დაჩქარებულად მინიჭება, შავ ზღვაში მოკავშირეების ხომალდების დისლოცირება და რეგიონში საწვრთნელი ბაზების მოწყობა ურჩია, ახლა უკვე ვეს მიტჩელიც ალაპარაკდა იმაზე, რომ ნატომ საქართველოსთან მიმართებით სტრატეგიის შეცვლაზე უნდა იფიქროს.
რუსეთის ფედერაციასთან ხანგრძლივი კონკურენციის პირობებში შტატები რომ შავი ზღვის ქვეყნებში საკუთარ ინტერესებს არ დათმობს, თბილისში ყველასათვის ნათელია.
საგარეო საქმეთა მინისტრისთვის მიღებული გზავნილები იმის ნიშანია, რომ საქართველო პარტნიორებისთვის აქტუალურია. დიპლომატიურ უწყებაში ოპოზიციის კრიტიკას არ იღებენ და თავდაცვის აქტის მიღებამდე ოპონენტებში გაკეთებულ განცხადებებს იხსენებენ, რაც ქვეყნისთვის დემოკრატიულ და მართლმსაჯულებით საკითხებში კონკრეტული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საქართველოსთვის დახმარების 15 პროცენტის გაყინვას ეხებოდა.