"ამნისტიის შესახებ" კანონპროექტი დღეს პარლამენტის ბიუროზე გადის, რის შემდეგაც განხილვის პროცესი უკვე კომიტეტებში გადაინაცვლებს. კანონპროექტის ავტორები თვლიან, რომ კანონის საბოლოო ფორმირებისთვის საჭიროა განხილვებში სხვადასხვა პროფესიული წრის წარმომადგენლებიც ჩაერთონ - მათ შორის ადვოკატების, არასამთავრობო სექტორისა და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები. არ არის გამორიცხული, პროექტში არსებულ 44 საბრალდებო მუხლს, კონსულტაციების შედეგად, სხვა მუხლებიც დაემატოს. პროექტი, რომელიც, სავარაუდოდ, ასეულობით პატიმარს შეეხება, ძალაში გაზაფხულამდე უნდა შევიდეს.
თემას გამოხმაურება მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში. " ნაციონალური მოძრაობის" წევრის, რომან გოცირიძის თქმით, ამნისტია უნდა იყოს სამართლიანი და პირველ რიგში, ის ადამიანები უნდა იქნან გათავისუფლებული, რომლებიც არიან პოლიტიკური დევნის მსხვერპლი, წარმოდგენილი ფორმა კი სამართლიანი არაა და შერჩევითია.
"ევროპული საქართველოს" წევრის, გიგი წერეთლის თქმით, ამნისტია კეთილშობილური საქმეა თუ ის მიზანს ემსახურება და ქვეყანაში კრიმინალის და დაძაბულობის ზრდას არ იწვევს. გიგი წერეთლის თქმით, კარგი ნიშანი არ არის ის, რომ ჩამონათვალში არ მოხვდა ისეთი საქმეები, რომელიც პოლიტიკურ ნიშნებს ატარებს.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ ამნისტიის კანონპროექტში ძირითადად აქცენტი გაკეთებულია არაძალადობრივ დანაშაულზე, არის ნაკლებად მძიმე დანაშაულებიც, თუმცა ამ შემთხვევაში ხდება დამატებითი წინაპირობების გათვალისწინებაც, როგორიცაა დაზარალებულისთვის ზიანის ანაზღაურება ან მათი თანხმობა.