სემეკში მიღებულ გადაწყვეტილებას ელექტროენერგიის ტარიფის ზრდასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა კრიტიკული შეფასება ოპოზიციის მხრიდან. ხელისუფლების ოპონენტები ინტერესდებიან სუბსიდირების საკითხითაც.
"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ლევან თარხნიშვილს აინტერესებს, რომელი თანხებიდან აპირებს მთავრობა სუბსიდირების დაფარვას. მისი განცხადებით, ნებისმიერ შემთხვევაში აღნიშნული გადაწყვეტილება ისევ მოქალაქეებს დააწვება ტვირთად.
"ძალიან მაინტერესებს რა თანხებიდან აპირებს ბატონი გახარია ამის სუბსიდირებას, ისევ საგარეო ვალებს აიღებს, რომელიც ასევე ჩვენს მოსახლეობას დააწვება, საშინაო ვალებს აიღებს, რომელიც ასევე ჩვენს მოსახლეობას დააწვება თუ საბიუჯეტო სახსრებით, რომელსაც ასევე ჩვენ ვავსებთ თითოეული მოქალაქე?
შესაბამისად, ეს ყველაფერი მაინც დააწვება საქართველოს მოსახლეობას და თითოეული ჩვენთაგანი გადავიხდით იმ ფასს, რომელიც გამოწვეული "ქართული ოცნების" უგუნური ნაბიჯებით," - განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.
"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი გიორგი ბოტკოველი კი ხელისუფლებას დაპირებას ახსენებს რომელიც ტარიფების შემცირებას შეეხებოდა.
"ეს არის იმ ხელისუფლების ქრონიკა, რომელი ხელისუფლებაც სწორედ 2012 წელს ტარიფების შემცირების დაპირებით მოვიდა და სამარცხვინოა ისე განცხადებები, რასაც მთავრობის წარმომადგენლები აკეთებენ, თითქოს ისინი არაფერ შუაში არ არიან და სემეკი წყვეტს ყველაფერს. მათ ძალიან კარგად იცოდნენ როცა დაპირებებს დებდნენ მაშინაც როგორ ხდებოდა, მაგრამ იმ დროს როდესაც ადამიანებს უფრო მეტად უჭირთ, ადამიანებს შემოსავალი აქვთ ფაქტობრივად დაკარგული, დღეს ხელისუფლება უფრო მეტად აღარიბებს მათ და უფრო მეტად აჭერს წიხლს მათ ყოველდღიურობას," - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი გიორგი ბოტკოველი.
ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ სრული პასუხისმგებლობა ისედაც რთულ სოციალურ ვითარებაში უფრო გაზრდილ გადასახადებზე მთავრობას ეკისრება.
"უპრეცედენტოა ის ფაქტიც, რომ პანდემიის პირობებში პირველი ხელისუფლებაა, რომელმაც რამე ღირებულება ასე გაუძვირა ხალხს, როდესაც მსოფლიო მთავრობებს ბიუჯეტი გამოტანილი აქვთ გარეთ და შეღავათების ეპოქა დადგა ამ კორონას მოქმედების პერიოდში, მაგრამ ესეც ხალხის ბრალია, რადგან მთავრობას ჰგონია, რომ ყველაფერი შერჩება, რომ ხალხს ყველაფერი დაავიწყდება, რომ მერე გაიყიდებიან თანამდებობაზე, ხახვზე, ფულზე, კარტოფილზე," - აცხადებს "ლეიბორისტული" პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი.
შეგახსნებთ, საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის ტარიფი 3.5 თეთრით იზრდება. სემეკმა გადაწყვეტილება კომპანიების მოთხოვნის საფუძველზე მიიღო. მოსახლეობასთან ერთად, ელექტროენერგია კომერციული სექტორისთვისაც ძვირდება. მათთვის ტარიფი, დაახლოებით 11 თეთრით მოიმატებს. დედაქალაქში მოსახლეობისა და კომერციული სექტორისთვის ელექტროენერგიის გაძვირებული ტარიფი 1 იანვრიდან 2025 წლის ბოლომდე იმოქმედებს. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრებმა დადგენილების პროექტს ერთხმად დაუჭირეს მხარი. ჯერჯერობით უცნობია რამდენით გაძვირდება წყალი.