საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ ელექტროენერგიის მიტაცებისა და უკანონო მაინინგის ფაქტებზე "დღის კურიერში" ისაუბრა. დავით ნარმანიას თქმით, მესტიის რაიონში, სადაც გადახდის დონე ისედაც დაბალია, რადგან კერძო სექტორი გადასახადს შეღავათებით იხდის, ამას თან დაერთო უკანონო მაინინგი, რომლის აღმოსაფხვრელადაც დროდადრო ძალოვანი უწყებების ჩართვა ხდება საჭირო.
დავით ნარმანია ასევე შეეხო ოკუპირებულ აფხაზეთში კრიპტოვალუტის ე.წ. ფერმების უკანონო ფუნქციონირებასაც. ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სადაც ენგურჰესის გამომუშავებული ელექტროენერგიის ნაწილი გადაედინება, ენერგოდეფიციტი დღითიდღე მატულობს. დავით ნარმანიას თქმით, ეს კიდევ უფრო პრობლემური გახდება მას შემდეგ, რაც ენგურჰესი რეაბილიტაციის მიზნით გაჩერდება:
"გარკვეული შეზღუდვები უნდა გაგრძელდეს და უნდა იქნას პერმანენტული. მაინინგი კიდევ უფრო მეტად რომ გაიზარდოს, არ შეიძლება უსასრულოდ კიდევ უფრო მეტი ენერგია გადაედინებოდეს.
ახლა, როცა ენგურჰესი ჩერდება და რეაბილიტაციის რეჟიმში გადადის, აფხაზეთის მხარეს ენერგიის გადადინება შეწყდება და ახლა იგრძნობენ პრობლემას, რომელიც რეალურად უდგათ, ეს არის ელექტროენერგიის გაზრდილი მოთხოვნა არა ეკონომიკური გაჯანსაღების ფონზე, არამედ მაინინგის ფონზე," - განაცხადა დავით ნარმანიამ.
წამყვანის კითხვაზე, შეზღუდვებზე საუბარი ხომ არ გულისხმობს, იმ არაოფიციალური შეთანხმების ცვლილებას, რომელიც საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასა და დე ფაქტო რეჟიმს შორის ენგურჰესთან დაკავშირებით არსებობს, დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ არაოფიციალური შეთანხმება პროცენტულ განაწილებაზე შენარჩუნებული იქნება და ის ამბობს, რომ სწორედ ამ პროცენტულ მაჩვენებელს არ უნდა გადააჭარბოს ელექტროენერგიის მიწოდებამ.