კომუნალური გადასახადების გაძვირების პარალელურად მომავალი წლის განმავლობაში გარკვეული კატეგორიის მომხმარებლებისათვის გადასახადის სუბსიდირება მოხდება. ამისათვის ბიუჯეტიდან 165 მილიონი ლარი გამოიყოფა. ფინანსთა მინისტრის ვანო მაჭავარიანის განცხადებით, ამ მიზნით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ასიგნებები სუბსიდირებისათვის საჭირო რესურსით - 105 მილიონი ლარით იზრდება.
"მიზანშეწონილად მიგვაჩნია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ასიგნებები გაიზარდოს, აღნიშნული სუბსიდირებისათვის საჭირო რესურსით, ეს არის 105 მლნ ლარი. ვინაიდან ეკონომიკის სამინისტრო განახორციელებს აღნიშნულ მსხვილმასშტაბიან სუბსიდირებას, მიზანშეწონილია, ამავე სამინისტრომ განახორციელოს COVID-19-დან გამომდინარე კომუნალური სუბსიდირების პროგრამაც და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებებში გათვალისწინებული პროგრამული კოდი 270206, კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო მოსახლეობის სოციალური დახმარება შემცირდეს 60 მლნ ლარით და განისაზღვროს 250 მლნ ლარით. კომუნალური გადასახადების სუბსიდირების ხელშემწყობი ღონისძიებები ჯამურად უნდა განისაზღვროს 165 მლნ ლარით," - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
პარლამენტმა დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა. ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი დეპუტატებმა 82 ხმით მიიღეს. მიმდინარე წელთან შედარებით 2021 წლის ბიუჯეტის პროექტში ხარჯების მოცულობა თითქმის 222 მილიონი ლარით არის გაზრდილი და 18 384.5 მლნ ლარს შეადგენს - აქედან მესამედი პანდემიისა და მისგან გამოწვეული კრიზისისთვის არის გათვალისწინებული.