პარტია "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში მომავალი ადგილობრივი არჩევნები შესაძლოა გარკვეულ პლებისციტად იქცეს. იაგო ხვიჩიამ "დღის კურიერის" ეთერში 4 მთავარ საკითხზე ისაუბრა, რომელზეც შეთანხმების მიღწევა კრიზისიდან გამოსასვლელად აუცილებელია, მათ შორის ისაუბრა იდეაზეც, რომელიც მომავალი ადგილობრივი არჩევნების შედეგების მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების შეფასებას ეხებოდა:
"პირველ ნაწილი არის პოლიტპატიმრების თემა, ეს თემა უნდა მოგვარდეს, ისე მოლაპარაკება ვერ შედგება, მეორე თემა არის საარჩევნო კანონმდებლობა, ეს თუ არ მოგვარდა, ნდობა ვერ გაჩნდება, რომ ახალ არჩევნებს ჩვენ წესიერად ჩავატარებთ. მესამე ნაწილი, რომელიც ჩვენ გვაინტერესებს, პროპორციული არჩევნები, მე მინდა, რომ ხელისუფლებამ უხეიროდ ჩატარებული არჩევნების გამო ზღოს. ეს შეცდომის გამოსწორების ერთ-ერთი გზაა, იმიტომ, რომ ბარიერის დაწევა არის უდაოდ წინ გადადგმული ნაბიჯი.
მეოთხე ნაწილი, რომელიც ეხებოდა პლებისციტს, ჩვენ შეგვიძლია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ვაქციოთ რაღაც ტიპის პლებისციტად და ვთქვათ, რომ აქ თუ ქართველმა ხალხმა გადაწყვიტა, რომ ხელისუფლებას დაუჭიროს ისევ მხარი და ხელისუფლებამ გაიმარჯვოს, ჩვენი პრეტენზიები არჩევნებთან დაკავშირებით, არსებითად გაყალბებასა და ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით შენელდება, თუ ადგილობრივ არჩევნებს ოპოზიცია იგებს, თავისთავად ხელისუფლების არგუმენტებს აკლდებათ ლეგიტიმურობა, რომ ამ არჩევნებზე ყველაფერი რიგზე იყო. ჩვენც გვჭირდება მეტი მტკიცებულება ამისთვის და ხელისუფლებასაც. ამ იდეის შემოტანა არის ძალიან კარგი მიგნება და ძალიან დიდი მადლობა ფასილიტატორებს," - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.