17 ნოემბერი 2024,   13:30
ვრცლად
მოველით, რომ პოლიტიკურ ველზე გამოჩნდებიან ღირსეულნი, დავიღალეთ პირად პოლიტიკურ ინტერესებზე მორგებული ჯახებით - მმართველი გუნდი ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუზე

ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ სატელევიზიო ინტერვიუს, სადაც ის გამოთქვამს მოლოდინს, რომ გამოჩნდება კვალიფიციური ძალა, რომელიც "ქართულ ოცნებას" სადავეებს დაათმობინებს და ოპოზიციაში გაუშვებს, მმართველ გუნდში შეფასებები მოჰყვა.

"ქართული ოცნების" წევრები აცხადებენ, რომ მიესალმებიან, თუ ღირსეული ოპონენტები გამოჩნდებიან.

თავის მხრივ, აცხადებენ, რომ მმართველ გუნდს, საკმაოდ გამოცდილი ლიდერები და წევრები ჰყავს.

"მოველით, რომ პოლიტიკურ ველზე გამოჩნდებიან ღირსეულნი. გასაკვირი არ უნდა იყოს, რადგან ჩვენ დავიღალეთ პოლიტიკურ ველზე ხშირად უსაგნო და პირად პოლიტიკურ ინტერესებზე მორგებული ჯახებით, რომელიც ახასიათებს ჩვენს პოლიტიკურ ველს," - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.

"ჩვენ ვართ გუნდი, რომელსაც აქვს საკმაოდ კარგი გამოცდილება, ჰყავს ლიდერები, რომლებიც არიან კომპეტენტურები და ჩვენ დარწმუნებულები ვართ და მაქსიმალურად შევეცდებით გამოწვევებს მაქსიმალურად ვუპასუხოთ.

რაც შეეხება კონსულტაციებს, თვითონაც გამოთქვა თავისი პოზიცია, რაც პირადად ჩემთვის ცუდია, თუმცა გადაწყვეტილება მიღებულია და ჩვენ თუ გვაქვს პრეტენზია, "ქართულ ოცნებას", რომ წინ წავიდეთ, კიდევ განვავითაროთ ქვეყანა, ჩვენ ეს უნდა შევძლოთ," - აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

ბიძინა ივანიშვილის კომუნიკაცია საზოგადოებასთან ვერბალურადაც შედგა. წასვლისთვის დაწერილი წერილისა და სტატიის შემდეგ, "ქართული ოცნების" უკვე ყოფილი თავმჯდომარე, მისი პოლიტიკასთან განშორების მიზეზებს სატელევიზიო ინტერვიუთი განმარტავს.

ბიძინა ივანიშვილი აღარც იმ გუნდს ხელმძღვანელობს, რომელსაც სათავეში 9 წლის წინ ჩაუდგა და ამდენივე წლის შემდეგ, აღარც ამ გუნდის მხარდამჭერია. მეტიც, ელოდება რომ გამოჩნდება კვალიფიციური ძალა, რომელიც "ქართულ ოცნებას" სადავეებს დაათმობინებს და ოპოზიციაში გაუშვებს.

არც ერთი შეცდომა და რამდენიმე გადაცდომა, ესეც ძირითადად კადრების შერჩევის პროცესში -ასე აფასებს პოლიტიკაში ერთხელ უკვე დაბრუნებული და მმართველობიდან მეორედ წასული ბიძინა ივანიშვილი თავისივე რამდენიმე წლიან მუშაობას. ელოდება, რომ ლიდერის გარეშე მყოფი პარტია, ხიფათის წინაშე აღმოჩნდება, რადგან, შესაძლოა, დარჩენილებს ერთმანეთთან ურთიერთობების გარკვევა გაუძნელდეთ.

ეს ინტერვიუ მმართველი პარტიის დამფუძნებელმა საზოგადოებრივ მაუწყებელს მისცა.

დღის ამბები