17 ნოემბერი 2024,   13:50
ვრცლად
ეს მთავრობა ისედაც უფუნქციო იყო და კიდევ უფრო დისფუნქციური გახდება - ოპოზიცია ივანიშვილის წასვლას აფასებს

ოპოზიციის წევრების განცხადებით, ის, რომ ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა, კიდევ უფრო დისფუნქციურს გახდის ხელისუფლებას.

"ვხედავთ აბსოლუტურად დისფუნქციურად დატოვებულ ხელისუფლებას. ეს მთავრობა ისედაც უფუნქციო და დისფუნქციური იყო და ახლა ივანიშვილის კიდევ უფრო ღრმა ჩრდილში გადასვლის შემთხვევაში კიდევ უფრო დისფუნქციური გახდება, რაც ქვეყნისთვის კატასტროფაა გამომდინარე იმ გამოწვევებიდან, რა გამოწვევებიც გვაქვს. ის ფაქტი, რომ კობახიძე დატოვა, კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ მან ძალაუფლება კი არ გაუშვა ხელიდან, არამედ უბრალოდ ნაკლებად ხელმისაწვდომი გახდება საკუთარი გუნდისთვის," - განაცხადა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ.

"ლელოს" წევრ საბა ბუაძის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა კიდევ უფრო ამწვავებს ხელახალი არჩევნების დანიშვნის საჭიროებას.

ოპოზიციის ნაწილს კი არ სჯერა, რომ ივანიშვილი ნამდვილად წავიდა პოლიტიკიდან.

"ეს ცრუ კაცია, ბევრჯერ განუცხადებია ასე. მისი სიტყვის არ შეიძლება დავიჯეროთ. ის ფორმალურად, იმ საფრთხეების გამო, რომელიც მას ემუქრება შიგნიდან, ხალხის რისხვას ვგულისხმობ და ამავე დროს, გარედან - სანქციებს მის ქონებაზე, გადაარჩინოს საკუთარი პერსონა და ქონება, გადაწყვიტა შეიმალოს ანაკონდასავით და მოემზადოს რევანშისათვის, ხელისუფლებაში დასაბრუნებლად," - განაცხადა "ლეიბორისტული პარტიის წევრმა გიორგი გუგავამ.

ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებამ ქვეყანა ახალი პოლიტიკური რეალობის წინაშე დააყენა. "ქართული ოცნების" მოქმედი შემადგენლობა, ისევე როგორც ყოფილი თავმჯდომარე, ფიქრობს, რომ ბრძოლა პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს შორის მხოლოდ ძალაუფლებისთვის გრძელდება. სატელევიზიო ეთერით მიცემული რჩევა მმართველმა პარტიამ უკვე გაითვალისწინა. ისინი მიესალმებიან კონკურენციასა და ჭიდილს პოლიტიკურად განსხვავებული შეხედულებების მქონე პარტიებს შორის.

დღის ამბები