პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე მხარს არ უჭერს უფრაქციო დეპუტატებისთვის იმაზე მეტი საპარლამენტო ბერკეტის მინიჭებას, რაც რეგლამენტის პროექტის პირვანდელ ვარიანტშია ასახული.
მისივე თქმით, ინიცირებული ვერსია საკმაოდ ნორმალურ ბალანსს ქმნის.
"თავდაპირველი ვერსია იმას ემსახურება, რომ ოპოზიციას, რამდენადაც ის დღეს პარლამენტში არის წარმოდგენილი, ჰქონდეს შესაძლებლობა, საპარლამენტო საქმიანობაში უფრო აქტიური მონაწილეობა მიიღოს. ვფიქრობ, ამ ეტაპზე საკმარისია, რათა გარკვეული დისბალანსი გავასწოროთ. ფრაქციას, როგორც პოლიტიკურ სუბიექტს საპარლამენტო ცხოვრებაში თავისი მნიშვნელოვანი ფუნქცია და წონა უნდა დარჩეს. დღევანდელი მოცემულობით ინიცირებული ვერსია საკმაოდ ნორმალურ ბალანსს ქმნის," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
გარდა ამისა, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, წინ არის ოპოზიციასთან მოლაპარაკებები, არსებობს პოზიტიური მოლოდინი და როცა პარლამენტში ოპოზიციის წარმომადგენლობა გაიზრდება, შესაძლებელი იქნება საკითხს დაუბრუნდნენ. თალაკვაძის შეფასებით, ამ მომენტში ინიცირებული პროექტი ოპტიმალური სახით არის წარმოდგენილი.
დღეს პარლამენტი რეგლამენტში შესატან ცვლილებებს დაამტკიცებს. საუბარია უფრაქციო დეპუტატების მიერ საპარლამენტო თანამდებობის დაკავების შესაძლებლობაზე. ცვლილებებით, უფრაქციო დეპუტატებს ოპოზიციის კვოტით ვიცე-სპიკერისა და კომიტეტების თავმჯდომარის მოადგილეების წარდგენის უფლება ექნებათ.
კანონპროექტი სპეციალურად პარლამენტში შესული რამდენიმე უფრაქციო დეპუტატებისთვის მომზადდა.