27 აპრილი 2024,   06:21
ვრცლად
დავით გარეჯის საქმეზე დასაკითხ მოწმეთა ჩამონათვალში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიცაა

დავით გარეჯის საქმეზე მხარეების პოზიციებს მოსამართლე 3 საათის განმავლობაში ისმენდა. არსებითი განხილვის ფორმატში მოსამართლემ ადვოკატების და პროკურორების შესავალი სიტყვები მოისმინა, თუმცა ყველაზე დიდი დრო სასამართლოს მეგობრის სტატუსის მინიჭებაზე მსჯელობას დაეთმო. ადვოკატის თქმით, საქმესთან დაკავშირებით მოსაზრება სახალხო დამცველს უკვე მომზადებული ჰქონდა. გიორგი მშვენიერაძის თქმით, ომბუდსმენი მიუთითებს, რომ პროცესები მართლმსაჯულების ინტერესების შესაბამისად არ მიმდინარეობს.

დაცვის მხარეს დარბაზშივე შეეწინააღმდეგა სახელმწიფო ბრალდება. პროკურატურა მიუთითებდა, რომ სახალხო დამცველის დასკვნა ბევრ უზუსტობას შეიცავდა და მისი გაზიარება არამართებული იქნებოდა. თუმცა პროკურატურის ეს პოზიცია მოსამართლემ არ გაითვალისწინა, საბოლოოდ კი მიიღო გადაწყვეტილება და ომბუდსმენის წარმომადგენელს სასამართლო სხდომებზე მოსაზრების დაფიქსირების უფლება მისცა.

როგორც წინა შემთხვევებში დღევანდელ პროცესს გარეჯის საქმეზე ბრალდებულებიც ესწრებოდნენ. მელაშვილი-ილიჩოვას ნაწილში გამოძიება დასრულებულია, თუმცა, ზოგადად, საქმეზე ძიება გრძელდება - ახლა პროკურატურა ცდილობს დაადგინოს, ვისი შესაძლო ზეგავლენით მოქმედებდნენ ბრალდებულები.

სასამართლო განხილვების პროცესში მოსამართლის წინაშე არაერთ მოწმეს მოუწევს ჩვენების მიცემა. მოწმეთა ჩამონათვალში არიან ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები, მათ შორის ამჟამინდელი პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. სწორედ ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის დროს აღიძრა საქმე საქართველოს ტერიტორიების ნაწილის ქვეყნის ინტერესების საზიანოდ გადაცემის მცდელობაზე.

ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის სასამართლო პროცესი 29 მარტისთვის გადაიდო. 

დღის ამბები