18 მაისი 2024,   15:30
ვრცლად
ათენი-ვილნიუსის რეისის იძულებით შეცვლილი მიმართულება - ბელარუსი ჟურნალისტის დაკავებამ საერთაშორისო სკანდალი გამოიწვია

ინტერნეტში ვრცელდება ფოტო, რომელზეც 26 წლის რომან პროტასევიჩია გამოსახული და ის ათენიდან ვილნიუსში გამგზავრებამდე რამდენიმე წუთით ადრეა გადაღებული, თუმცა ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტი ლიეტუვაში ვეღარ ჩავიდა.

რეისი 4978 ბომბის საფრთხის მიზეზით მინსკის აეროპორტში ავარიულად დასვეს. გავრცელებული ინფორმაციით "რაინიარის" თვითმფრინავი აეროპორტამდე ავიაგამანადგურებელმა "მიგ-29"-მ პრეზიდენტის განკარგულებით მიაცილა. ათენი-ვილნიუსის რეისის მგზავრები იხსენებენ, რომ თვითმფრინავის მიმართულების მოულოდნელად შეცვლამ ლუკაშენკოს რეჟიმის კრიტიკოსი პანიკაში ჩააგდო .

რომან პროტასევიჩს სოლიდარობას უცხადებენ და მის დაკავებას გმობენ ჟურნალისტის კოლეგები და საერთაშორისო საზოგადოებას ბელარუსზე წნეხის გაძლიერებისკენ მოუწოდებენ. მოკვლევა უკვე დაიწყო ლიეტუვამ, თვითმფრინავის ტერორიზმის მიზნით გატაცების ბრალდებით. 

"არავინაა უსაფრთხოდ და პროტასევიჩის ადგილზე ნებისმიერი შეიძლება აღმოჩნდეს,"- ასე გამოეხმაურა ჟურნალისტის თვითმფრინავში დაკავებას ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი . სვეტლანა ციხანოვსკაია რომელიც თავადაც ლუკაშენკოს რეჟიმის დევნილია, ევროპას ბელარუსის პრეზიდენტის დასჯას სთხოვს .

ჟურნალისტის დაკავებამ საერთაშორისო სკანდალი გამოიწვია. ერთმანეთის მიყოლებით გავრცელდა სახელმწიფო დეპარტამენტის, ნატოს, ევროკავშირის და სხვადახვა ევროპელი ლიდერის მწვავე განცხადებები, სადაც ფაქტი თითქმის ტერორიზმის აქტადაა შეფასებული . ინციდენტის გამო ბელარუსზე შესაძლო სანქციების დაწესებას ევროკავშირის ლიდერები დღეს განიხილავენ.

ჟურნალისტს ლუკაშენკოს რეჟიმი მასობრივი არეულობის ორგანიზებაში სდებს ბრალს. რომან პროტასევიჩს ბელარუსში 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

დღის ამბები