გუშინ, დედაქალაქის ქუჩებში განვითარებულ მოვლენებს და მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმას პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, გუშინ განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.
პარლამენტის ფრაქცია ”ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრი მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ძალადობა პრემიერ-ინისტრმა წაახალისა.
"პოლიტიკური მხარდაჭერა ამას გაუკეთა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა და წაახალისა ძალადობა და ეს ძალადობა მიმართული იყო კონკრეტულად ჟურნალისტების მიმართ. ეს პოლიტიკა, რომელსაც ახორციელებს "ქართული ოცნება", არის რუსული პოლიტიკა, ეს არის ქვეყნის ჩიხში შეყვანა, ეს არის კიდევ უფრო გაღრმავება უიმედობის და ნიჰილიზმის და მცდელობა იმისა, რომ თავისუფალი სიტყვა, ჟურნალისტიკა, მედია, მეოთხე ხელისუფლება, მოგვწონს ჩვენ კრიტიკული კითხვები თუ არ მოგვწონს, იქნას ჩახშული,“ - აცხადებს მამუკა ხაზარაძე.
პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” წევრის ანა წითლიძის თქმით, გუშინდელ მოვლენებზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.
"გუშინდელ მოვლენებზე პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას და საპატრიარქოს იმ ნაწილს, რომელმაც გაუწია ორგანიზება ამ რადიკალურ დაჯგუფებებს და სწორედ მათმა ქმედებებმა უბიძგა ამ რადიკალურ დაჯგუფებებს გაეკეთებინათ ის, რაც გააკეთეს. გუშინდელი დღე, ეს იყო ორგანიზებული შეტევა ჟურნალისტებზე, იმისთვის, რომ დაეშინებინათ უბრალოდ ჟურნალისტები და განსხვავებული აზრი ჩაეხშოთ,“ - განაცხადა ანა წითლიძემ.
ძალადობაში მონაწილე თითოეული პირის იდენტიფიცირებასა და კანონის სრული სიმკაცრით დასჯის ვალდებულებაზე საუბრობს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ამილახვარი.
"ეს არის ჩვენი ვალდებულება სამართალდამცავი ორგანოების და სახელისუფლებო პარტიის, რომ ყველა შემთხვევა, თითოეული პირი იქნას იდენტიფიცირებული და კანონის სრული სიმკაცრით დასჯილი, ვინაიდან, მედიაზე თავდასხმას არ აქვს არანაირი გამართლება. რაც შეეხება გუშინდელ მოვლენას, მე ვიტყოდი, რომ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ჩრდილოელი მტრის ინტერესებში შედიოდა,“ - აცხადებს გიორგი ამილახვარი.