ბოლო ორ დღეში განვითარებულ მოვლენებს დედაქალაქის მერი აფასებს და ამბობს, რომ ყოველგვარი ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია. კახა კალაძის თქმით, საქართველო არის ევროპის ნაწილი.
"ძალადობა არის კატეგორიულად მიუღებელი. ვერანაირი ვანდალიზმი, ვერანაირი გარე და შიდა მტერი ვერ შეუშლის ხელს და ვერ შეაჩერებს იმ მისწრაფებას, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას აქვს და ის, რომ ჩვენ ვართ ევროპის ნაწილი, ჩვენ ვართ ევროპელი, ეს დღეს და გუშინ არ დაწყებულა. ჯერ კიდევ ჩვენი წინაპრები, პირველი რესპუბლიკის დროსაც იზიარებდნენ იმ ფასეულობებს, რასაც ევროპა და ევროპელობა ჰქვია,“ - აცხადებს კახა კალაძე.
მომხდარ ფაქტებს სამარცხვინოს უწოდებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე.
"ეს არის სამარცხვინო ფაქტი, რომელიც არ უნდა იყოს წახალისებული და მნიშვნელოვანია, რომ მედია დღესდღეობით, დაგვეხმაროს იმაში, რომ ქვეყნის რეპუტაცია აღდგეს და ჩვენ არ გავაღრმავოთ ის ზარი საზოგადოებაში, რომელიც დღეს არსებობს,“ - ამბობს ეკატერინე ტიკარაძე.