16 ნოემბერი 2024,   22:28
ვრცლად
სრული მხარდაჭერა ქართულ მედიას, სრული მხარდაჭერა ჟურნალისტებს - სერგო ჩიხლაძე

4 ტელევიზიის მიერ პროტესტის ნიშნად მაუწყებლობის გათიშვას და მდუმარე პროტესტს პოლიტიკოსები ეხმაურებიან. ოპოზიციის წევრები სრულად იზიარებენ მედიის პროტესტს და ამბობენ, რომ მათ ამის გამოხატვის უფლება აქვთ.

პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" პოლიტიკური საბჭოს წევრი სერგო ჩიხლაძე მედიას სრულ მხარდაჭერას და სოლიდარობას უცხადებს.

"სრული მხარდაჭერა ქართულ მედიას, სრული მხარდაჭერა ჟურნალისტებს ჩვენი მხრიდან და რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ყველამ უნდა დავგმოთ ძალადობა ამ ქვეყანაში. ეს არის პროტესტის გამოხატვის ფორმა და სრულიად ვიზიარებ მათ ამ გამოხატვის ფორმას," - ამბობს სერგო ჩიხლაძე.

პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის "მოქალაქეები" თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ მედიის პროტესტი გამოხატვის ფარგლებში სრულად ჯდება.

"მათ აქვთ უფლება, რომ მსგავსი პროტესტის ფორმა ჰქონდეთ. გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ჯდება. ვისურვებდი, რომ დიდხანს არ იყოს ხოლმე ეს არხები გათიშული, 5 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტრო და ზოგადად სახელმწიფო იყო გამქრალი თბილისის ქუჩებიდან და თბილისის ქუჩებში ხელისუფლება დაამყარეს მოძალადეებმა, რომლებიც დასდევდნენ ადამიანებს და ზოგს ტანსაცმლის ფერის გამო ურტყამდნენ, ზოგს იმის გამო რომ ხელში ვიდეო კამერა ან მიკროფონი ეჭირათ ან სახლში უვარდებოდნენ პირდაპირ," - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ტელევიზიებმა მაუწყებლობა პროტესტის ნიშნად 24 საათით შეწყვიტეს. "ტვ პირველის", "მთავარის", "ფორმულას" და "კავკასიის" ეთერში იმ ჟურნალისტების სახელები და გვარები გადის, რომლებსაც 5-6 ივლისს თავს ძალადობრივი ჯგუფები დაესხნენ. 

დღის ამბები