4 ტელევიზიის მიერ პროტესტის ნიშნად მაუწყებლობის გათიშვას და მდუმარე პროტესტს პოლიტიკოსები ეხმაურებიან. მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ კანონის ფარგლებში საკუთარი პოზიციის გამოხატვის უფლება ყველას აქვს, თუმცა აცხადებენ, რომ ამ პროტესტის მიმართ სოლიდარულები არ არიან.
"ტელეკომპანიების მხრიდან მაუწყებლობის შეჩერებას რაც შეეხება, ეს მათი უფლებაა, რომ გამოხატონ საკუთარი პოზიცია და დამოკიდებულება, თუმცა მე ნამდვილად არ მგონია, რომ ამ შემთხვევაში ეს სწორი პოზიციაა დაკავებული. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არის მათი უფლება," - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი კი ამბობს, რომ პროტესტი გარკვეული ოპოზიციური პარტიების ნარატივს ჰგავს.
"ფაქტია, რომ მედიის მთავარი ამოცანაა საზოგადოების ინფორმირება და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. სამწუხაროდ, პოლიტიკურად მოტივირებული მედიაჯგუფები ამ არხებს იყენებენ უფრო მეტად იმისთვის, რომ საზოგადოებაში რაც შეიძლება მეტი დაძაბულობა შეიტანონ, იმიტომ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" დღის წესრიგს მოერგონ," - აცხადებს რატი იონათამიშვილი.
ტელევიზიებმა მაუწყებლობა პროტესტის ნიშნად 24 საათით შეწყვიტეს. ტვ პირველის, მთავარის, ფორმულას და კავკასიის ეთერში იმ ჟურნალისტების სახელები და გვარები გადის, რომლებსაც 5-6 ივლისს თავს ძალადობრივი ჯგუფები დაესხნენ.