"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" თვითმმართველობის არჩევნებისთვის ოპოზიციურ ერთობას აანონსებს. ოპოზიციური პლატფორმა - ეს იქნება გაერთიანების სახელწოდება, რომლის თბილისის მერობის კანდიდატი, სავარაუდოდ, ასევე "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია იქნება.
მსგავსი ერთობის არ სჯერა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილს - მაგალითად, "გირჩი", "მოქალაქეები" და "სტრატეგია აღმაშენებელი" კიდევ ერთხელ იმეორებენ, რომ მსგავს თანამშრომლობას არ აპირებენ.
ოპოზიციის ერთიანობის იდეა არარეალისტურად მიაჩნიათ მმართველ გუნდშიც. "ქართულ ოცნებაში" ფიქრობენ, რომ კახა კალაძეს რეალური ალტერნატივა არ ჰყავს. მათი თქმით, ოპოზიციის მცდელობა ახალი შიდა დაპირისპირებისა და მარცხისთვისაა განწირული.
თვითმმართველობის არჩევნებზე, "კურიერის" ინფორმაციით, ოპოზიციის ნაწილის საერთო კანდიდატი, სავარაუდოდ, ნიკა მელია, საკრებულოს თავმჯდომარეობის კი - ელენე ხოშტარია იქნება. "ნაციონალური მოძრაობა" საარჩევნო კამპანიის ოფიციალურად დაწყებას მიმდინარე კვირის ბოლომდე გეგმავს.