"ქართული ოცნების" მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებას და განცხადებას, რომ შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტმა თავისი თავი ამოწურა, გამოხმაურება მოჰყვა ოპოზიციურ სპექტრში.
ხელისუფლების ოპონენტებმა "ქართული ოცნების" თავმჯდომარის იმ განცხადებაზეც გააკეთეს კომენტარი, რომლის თანახმადაც მმართველი პარტია მზადაა, კეთილი ნებით რიგგარეშე არჩევნები არათუ ხმების 43%-ის, არამედ 53%-ის მიღების შემთხვევაშიც კი დანიშნოს, თუ ოპოზიციური პარტიების ქცევიდან ამოიკითხავენ, რომ პოლიტიკური სისტემა ეფექტიანი, კოალიციური მმართველობისთვის მომწიფებულია და სახელმწიფოს მმართველობის ამგვარი რეჟიმი მის ინტერესებს არ დააზიანებს.
დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ "ქართულ ოცნებას" 43%-ის მიღება არ შეუძლია, ვადამდელი არჩევნების თავიდან არიდება სურს და სწორედ ამიტომ მათი ქმედებები ნაბიჯ-ნაბიჯ მიმართული იყო შეთანხმების ანულირებისკენ. ამის დასტურად სალომე სამადაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნას ასახელებს. სალომე სამადაშვილის თქმით, "ქართული ოცნების" ქმედებაზე მწვავე რეაქცია უნდა იყოს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარედანაც.
"ამაზე უნდა იყოს ძალიან მწვავე პასუხი ჩვენი მოქალაქეების, "ქართულმა ოცნებამ" მათ წაართვა შანსი იცხოვრონ დემოკრატიულ და დასავლურ სივრცეში ინტეგრირებულ ქვეყანაში. მე შეცდომად მიმაჩნია რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" ხელი არ მოაწერა შეთანხმებას და ამით გააძლიერეს "ქართული ოცნების" პოზიციები ამ ვითარებაში," - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი მიიჩნევს, რომ თავისი ქმედებებით და განცხადებებით "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" ერთმანეთს აძლიერებენ. რაც შეეხება არჩევნებზე მიღებული ხმების პროცენტს, მეგრელიშვილის თქმით, აქ 2 ვარიანტია, "ქართული ოცნება" ან გამარჯვებაშია დარწმუნებული, ანდა მმართველ პარტიას თავად უნდა რიგგარეშე არჩევნები 2022 წელს.
ევროპული საქართველოს ლიდერი გოგა ბოკერია აცხადებს, რომ მმართველი პარტიის დღევანდელმა გადაწყვეტილებამ აჩვენა რამდენად არასანდოა "ქართული ოცნება":
პანიკაში არიან და აცნობიერებენ რომ უმძიმესი ვითარება აქვთ ქართველი ხალხის მხარდაჭერის თვალსაზრისით. იკვრება კონსენსუსი მათ წინააღმდეგ, აჩვენებს ქვეყნის შიგნით და გარეთ მათ სახეს, რომ მათ სიტყვას ნოლი აქვს ფასი. -აღნიშნა გიგა ბოკერიამ. მისი თქმით, საზოგადოებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ქართული ოცნება თვითმმართველობის არჩევნებზე დამარცხდეს და მათ მოუწევთ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა.
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივანი დამატებით განმარტებებს აკეთებს, მამუკა მდინარაძის თქმით, შეთანხმების მთავარი მიზანი იყო პოლარიზაციის და რადიკალიზაციის შემცირება, რაც ვერ მოხერხდა და მოხდა პირიქით. ამასთან მამუკა მდინარაძე ხაზს უსვამს იმას, რომ ამდენი ხნის შემდეგაც მთავარი ოპოზიციური პარტია შეთანხმებას არ შეუერთდა.