"ქართული ოცნებაში" აცხადებენ, რომ შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტიდან გასვლით სახელისუფლებო გუნდმა ქვეყანა კონსტიტუციის ფარგლებში დააბრუნა და რომ ისინი აღარ აპირებენ მსგავს შეთანხმებებში მონაწილეობას.
არჩილ თალაკვაძის თქმით, "ქართული ოცნება“ პრაქტიკულად ცალმხრივად ასრულებდა შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს.
"ჩვენ შეთანხმებასთან დასაბრუნებელი არაფერი გვაქვს. "ქართული ოცნება“ თანმიმდევრულად ასრულებდა ამ თვეების განმავლობაში შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს. ყველა პუნქტი, რაც ჩვენზე იყო დამოკიდებული, გახლავთ პირნათლად შესრულებული. ბოლო სხდომებზე "ქართული ოცნება“ მიშელის შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს პრაქტიკულად ცალმხრივ რეჟიმში ახორციელებდა. შესაბამისად, ვინც უნდა დაუბრუნდეს, შეაფასოს თავისი წინა მოქმედებები, გადაწყვეტილებები და უპასუხისმგებლობა, ეს არის რადიკალური ოპოზიცია, რომელსაც დავამარცხებთ არჩევნებში," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი ოპოზიციას საბოტაჟის მოსურნე ჯგუფს უწოდებს და აცხადებს, რომ ოპონენტებისთვის შარლ მიშელის დოკუმენტი მანიპულაციის საშუალებაა:
"საერთოდ იგნორირებული მიშელის დოკუმენტი ახლა რატომ მოაგონდათ, მე ვერ გეტყვით. ნებისმიერ იმ საკითხზე, რაზეც ამ დოკუმენტშია საუბარი, მიმდინარეობს მუშაობა. არის თემები, რომელსაც გაგრძელება და პარტიებს შორის კონსულტაციები სჭირდება. უბრალოდ, მეორე მხარეს პარტიას ვერ ვხედავ, ეს არის საბოტაჟის მოსურნე ჯგუფი. თუ "ნაციონალური მოძრაობა" დოკუმენტს ხელს მოაწერს, კიდევ ერთი დასტური იქნება იმისა, რად ღირს ეს დოკუმენტი მათთვის - ეს მათთვის არაფერი არ არის, ცარიელი ფურცელია და მანიპულაციის საშუალებაა," - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტს 19 აპრილს მოეწერა ხელი, 28 ივლისს კი "ქართულმა ოცნებამ" აღნიშნული დოკუმენტის ანულირების გადაწყვეტილება მიიღო და გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ ენმ ამ თვეების განმავლობაში არ გახდა ხელმომწერი.