16 ნოემბერი 2024,   21:31
ვრცლად
ხელისუფლებამ გადაწყვიტა, წარედგინა მისთვის სანდო კანდიდატი და არა ის, ვისაც საზოგადოების მხარდაჭერა აქვს - სალომე სამადაშვილი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის და ორი წევრის არჩევას, პარლამენტში პოლიტიკური შეფასებები მოყვა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ რეკომენდირებულ კანდიდატებს მხარი ოპოზიციამ ამჯერადაც არ დაუჭირა.

"ჩვენი სურვილი იყო, რომ შეთანხმებისამებრ ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატურა ფართო საზოგადოების შეთანხმების საფუძველზე ყოფილიყო შერჩეული, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციის მხარდაჭერითაც. სამწუხაროდ ხელისუფლებამ გადაწყვიტა, წარედგინა მისთვის სანდო კანდიდატი და არა ის, ვისაც საზოგადოების მხარდაჭერა აქვს,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილი.

მმართველ გუნდში კი განმარტავენ, რომ ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატად ვინც არ უნდა წარედგინათ, ოპოზიცია მათი დღის წესრიგიდან გამომდინარე, მხარს არცერთ კანდიდატს არ დაუჭერდა.

"ჩვენ წინასწარ ვიყავით დარწმუნებული, რომ როგორც კანონპროექტებს არ უჭერდნენ მხარს, ასევე ოპოზიცია არ დაუჭერდა მხარს არც ცესკოს თავმჯდომარეობის და არც წევრობის კანდიდატს, ვინც არ უნდა ყოფილიყო ეს კანდიდატი. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის ჩიხიდან გამოსავალი მექანიზმის ასახვა ამ დოკუმენტში და საბოლოო ჯამში გაირკვა, რომ საჯარო იყო ამ მექანიზმის ასახვა საარჩევნო კოდექსში,"- აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

შეგახსენებთ, ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატების კენჭისყრა პარლამენტში რიგგარეშე სხდომაზე დღეს გაიმართა. გიორგი კალანდრიშვილი ცესკოს თავმჯდომარედ 83 ხმით 3-ის წინააღმდეგ აირჩიეს. ცესკო-ს წევრები გახდნენ გია ცაცაშვილი და მაია ზარიძე.

 

დღის ამბები