16 ნოემბერი 2024,   21:56
ვრცლად
ხშირად იმდენად მიკერძოებულია კვლევები, შეგიძლია გამოიცნო, რომელი პარტიის დაკვეთითაა ესა თუ ის კვლევა - ვახტანგ მეგრელიშვილი

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას, რომელიც მოსახლეობის პოლიტიკურ განწყობებს ასახავს, ოპოზიციური პარტიები აფასებენ.  

"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერის, ვახტანგ მეგრელიშვილის შეფასებით, მსგავსი კვლევები, ხშირად მიკერძოებულია და კონკრეტული პარტიების დაკვეთას ასრულებს. 

"ხშირად, იმდენად მიკერძოებულია კვლევები, შეგიძლია გამოიცნო, რომელი პარტიის დაკვეთითაა ესა თუ ის კვლევა გაკეთებული. შარშან ამ დროს "გირჩი" საერთოდ არ იყო IRI-ს კვლევაში, 0% ამოდიოდა. მიუხედავად ამისა, ჩვენ რაღაც შედეგი მივიღეთ. წელს, მიუხედავად გაყოფისა, 2 "გირჩი" რომ ამოდის კვლევაში, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მგონია.

მე არასდროს მქონდა წარმოდგენა გახარიაზე, როგორც ოპოზიციურსა და მებრძოლზე. შესაბამისად, "ქართული ოცნებისა" და გახარიას ჯამური რეიტინგი, ვფიქრობ, მაინც მნიშვნელოვნად აღემატება ოპოზიციის სურვილს,"- აცხადებს მეგრელიშვილი.

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის სერგო ჩიხლაძის განცხადებით, კვლევის მიხედვით, ჯამში ოპოზიციას მმართველ გუნდზე მეტი პროცენტი აქვს, რითაც კიდევ ერთხელ დასტურდება "ოცნების" გადაწყვეტილების მოტივაცია, როცა მან შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირება გამოაცხადა. 

"ჯამურად ოპოზიციას მეტი ხმა აქვს ვიდრე "ქართულ ოცნებას" და კიდევ ერთხელ დასტურდება, რატომ მიიღო "ქართულმა ოცნებამ" ეს გადაწყვეტილება, რადგან 43%-ს ვერ აგროვებს. ამასთან, პერსონალურად ჩვენთვის გზავნილია, რომ მეტი სამუშაო გვაქვს და მეტი კომუნიკაციაა მოსახლეობასა და ამომრჩეველთან საჭირო,"- განაცხადა ჩიხლაძემ. 

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც, სულ გამოკითხულია 1500 მოქალაქე.

დღის ამბები