ევროკავშირის ოფისში ოპოზიციის წარმომადგენლებსა და ევროკავშირის ელჩის მოადგილე ჟულიან კრამპს შორის შეხვედრა მიმდინარეობს. ოპოზიციის წარმომადგენლების ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი შარლ მიშელის დოკუმენტისა და იმ გეგმის განხილვაა, რომელიც ოპოზიციას აქვს.
ევროკავშირის წარმომადგენლობას აინტერესებს, თუ როგორ აპირებს ოპოზიცია მოქმედებას მას შემდეგ, რაც მმართველმა გუნდმა დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა. ოპოზიციაში ამბობენ, რომ მათ პოზიციას ევროკავშირი სრულად იზიარებს და მათგან სანქციების მოლოდინი აქვთ.
"რა თქმა უნდა, დასავლეთი ჩვენს პოზიციას სრულად იზიარებს. აქ არის ახლა საუბარი რა კონკრეტული ქმედებები და როდის უნდა გადადგან ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა. მე ვამბობ, რომ არ შეიძლება დაისაჯოს ქართველი ხალხი, უნდა დაისაჯოს ის ადამიანები, რომლებმაც „ქართულ ოცნებაში" ამ შეთანხმებიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღეს. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, წინააღმდეგი ვარ, მაგალითად, უვიზო მიმოსვლის შეწყვეტის, მაგრამ მომხრე ვარ სანქციების,"-აცხადებს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე.
"ლელოს" ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, "ქართული ოცნება" საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე აღებულ ვალდებულებებს ასე მარტივად ვერ დაუძვრება.
"ქართული ოცნების" დემარში არ ნიშნავს, რომ "ქართული ოცნება" გათავისუფლდა იმ ვალდებულებისგან, რომელიც აღებული აქვს ამ შეთანხმებით. ამიტომ, ჩვენ, ვინც ხელი მოვაწერეთ ამ შეთანხმებას და მოდერატორები ვრჩებით ერთგულები შეთანხმების, "ქართული ოცნება," თავისი ხრიკებით ვერ გამოძვრება იმ ვალდებულებისგან, რომელიც აიღო საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე,"-აცხადებს ჯაფარიძე.