16 ნოემბერი 2024,   21:34
ვრცლად
"პატრიოტთა ალიანსმა" დახმარებისთვის ოკუპანტი ქვეყნის ლიდერს მიმართა - როგორ პასუხობენ პრორუსულ ძალებს საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ადამიანები

მიმართვა პუტინს - პრორუსული პარტია "პატრიოტთა ალიანსი" და ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსნები იმ ქვეყნის ლიდერს მიმართავენ, ვინც საქართველოს ქვეყნის ტერიტორიების 20 %-ის ოკუპირება მოახდინა, მხოლოდ შიდა ქართლში დაბომბა და უმოწყალოდ გაანადგურა 100-ზე მეტი ქართული სოფელი, მოაწყო ეთნიკური წმენდა, დღემდე იტაცებს მოქალაქეებს აწამებს და კლავს მათ.

ღია წერილში პრორუსული პარტიის წევრები რუსეთის პრეზიდენტს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარების განმუხტვას სთხოვენ. მიმართვას ხელს ოკუპანტის 42 მხარდამჭერი აწერს.

პუტინისადმი მიმართვას დღეს პირველ რიგში ის ადამიანები გამოეხმაურნენ, ვინც რუსეთის პრეზიდენტის ჩარევა საკუთარ თავზე ერთხელ უკვე გამოსცადა.  საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ადამიანებისთვის ეს ღია წერილი მიუღებელია.

ღიად პრორუსული ძალის მორგი გააქტიურება - ასე აფასებენ "პატრიოტთა ალიანსის" ინიციატივას ოპოზიციური პარტიების ლიდერები. ისინი ამას ნაწილობრივ არჩევნების მოახლოებითაც ხსნიან.  ანტისახელმწიფოებრივი - ასეთია მმართველი პარტიის წევრების შეფასება რუსეთის მიმართ გაკეთებულ მორიგ შეთავაზებაზე. ამასთან "ქართული ოცნების" წევრი დეპუტატები განმარტავენ რომ ქვეყნის ტერიტორიების ოკუპირების პირობებში ოფიციალური თბილისი რუსეთთან დიალოგს გამორიცხავს.

"პატრიოტთა ალიანსი" ამ ეტაპზე უკვე შემხვედრი ნაბიჯების და რუსი ოფიციალური თუ არაოფიციალური პირების მხრიდან კომუნიკაციის მოლოდინშია. ისინი მზად არიან ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ფორმატში, მათ შორის რუსეთში ორი ქვეყნის თანამშრომლობის საკითხებზე მოლაპარაკებები დაიწყონ.

დღის ამბები