"ქართული ოცნება" პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ პრეზიდენტის პოზიცია მათთვის სავსებით გასაგებია, თუმცა აქვე კიდევ ერთხელ განმარტავენ მათი გადაწყვეტილების მიზეზებს და ამბობენ, რომ შეთანხმებიდან გასვლა ლეგიტიმური იყო.
"ჩვენი გადადგმული ნაბიჯი არის აბსოლუტურად ლეგიტიმური და განმტკიცებულია შესაბამისი არგუმენტაციით, არგუმენტაციის მთავარი ფაქტორი არის ის, რომ შეუძლებელია ხელშეკრულება არსებობდეს, მას ჰყავდეს ნაწილი ხელმომწერებისა და ნაწილი, რომელიც არის მთავარი მოთამაშე არ უერთდებოდეს. ჩვენი, მხოლოდ ერთი მოთამაშის დარჩენა და ამ ხელშეკრულების პირობების შესრულება არ იქნებოდა სწორი, სწორედ აქედან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება. ჩვენ ვრჩებით ერთგული იმ რეფორმების განხორციელებისა, რომელიც მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის," - აცხადებს "ქართული ოცნების" წევრი გივი მიქანაძე.
ორბელიანების სასახლეში გუშინ დღის ბოლოს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტმა ღიად განაცხადა, რომ ის არ ეთანხმება "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას შარლ მიშელის დოკუმენტთან დაკავშირებით და თვლის, რომ დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ ქვეყანაში პოლარიზაცია შემცირდა.