დროშის დაზიანებასთან დაკავშირებით, სანქციების შემოღების განხილვას იწყებს პარლამენტი.
ცვლილებების პროექტზე დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი პირველი მოსმენით უკვე მსჯელობს. საქმე ეხება როგორც ევროკავშირის, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და იმ ქვეყნების დროშის დაზიანებას, რომელთანაც საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობები აქვს. სანქცია ფიზიკური პირის 1000 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს. რეციდივის შემთხვევაში ჯარიმის თანხა ორმაგდება ან 15 დღემდე პატიმრობით ისჯება.
განსხვავებულია მოსაზრებები მმართველ პარტიასა და ოპოზიციაში. "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია პროცესს კეკლუცობას უწოდებს.
"დღევანდელი ცვლილებით ცვლილების ინიციატორები ამბობენ, რომ უნდა დავსაჯოთ დროშის ჩამომხევი, როგორც რაღაცა საკრალური ნივთის ჩამომხევი და თან ვაკეთებთ გამონაკლისებს რაღაცა დროშაზე, რომელიც ჩვენ მოგვწონს და რაღაცა დროშების ჩამოხევა ისევ შესაძლებელია, რაც თავისი შინაარსით არის აბსურდი და კეკლუცი იმაზე, თუ როგორ ვიცავთ ევროპულ ღირებულებებს," - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
"ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი მიიჩნევს რომ ხელისუფლებამ პირველ რიგში ევროპული ღირებულებები უნდა დაიცვას, დროშა კი ამის ერთ-ერთი გამოხატულებაა:
"ჩემთვის მთავარი არის ის, რომ მე დავინახო რეალური განზრახულობა სახელმწიფოს მხრიდან, რომ დაიცვას ის ღირებულებები, რომელიც არის ევროპული და რომლის სიმბოლური გამოხატულებაც არის დროშა. ამ დროშის ფეხქვეშ გათელვა ორჯერ უკვე მოხდა და ვერანაირი ახალი კანონი, ცალკე აღებული, ვერ შეცვლის იმ რეალობას, რომელზეც სახელმწიფოს რეაგირება უნდა მოეხდინა," - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.
"თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაზე საუბრობს და ხელისუფლებას ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებს, ამასთან დაკავშირებით კომიტეტის სხდომაზე მცირე სიტყვიერი შელაპარაკებაც მოხდა.
რაც შეეხება უმრავლესობას, მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ საქმე ეხება სახელმწიფო სიმბოლიკების ხელყოფას, რომელიც ხელშეუხებელი უნდა იყოს:
"განხილული იქნება საკითხი, რომელიც საკუთრივ დროშების სახეობისა და კუთვნილების შერჩევაზე კი არ იქნება, არამედ იქნება სახელმწიფო სიმბოლიკების ხელყოფაზე. არ აქვს მნიშვნელობა რომელი ქვეყნის დროშა არის, ის თუ არის ადმინისტრაციულ შენობასთან, სახელმწიფო სიმბოლიკის წარმომადგენელ შენობასთან, ხელშეუხებელია. საგნობრივი მსჯელობა იქნება არა მარტო ჯარიმის რაოდენობასთან არამედ შინაარსობრივადაც და საწყისმა ვერსიამ მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადოს," - განაცხადა დავით სერგეენკომ.
"ქართული ოცნების" წევრი ალუდა ზვიადაური აკონკრეტებს, რომ საქმე ეხება ინსტიტუციებზე განთავსებულ სიმბოლოებს და არა პირად კუთვნილებაში არსებულ დროშებს.
"სახელმწიფო ინსტიტუციაზე გამოხატულ სიმბოლოზე - დროშაზეა საუბარი, არა როდესაც ვიღაცას სახლში აქვს ეს დროშა," - აღნიშნა ალუდა ზვიადაურმა.