16 ნოემბერი 2024,   21:34
ვრცლად
დროშის დაზიანებასთან დაკავშირებით სანქციების შემოღების განხილვა პარლამენტში დასრულდა

დროშის დაზიანებასთან დაკავშირებით, სანქციების შემოღების განხილვა პარლამენტში დასრულდა. ცვლილებების პროექტზე დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა პირველი მოსმენით იმსჯელა. საქმე ეხება როგორც ევროკავშირის, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და იმ ქვეყნების დროშის დაზიანებას, რომელთანაც საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობები აქვს.

პარლამენტის ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრი ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ კანონპროექტში არსებული ფორმულირებები და გარკვეული სამართლებრივი საკითხები დახვეწას საჭიროებს, რათა ის გამოხატვის თავისუფლებასთან წინააღმდეგობაში არ მოვიდეს.

"ფორმულირებები და გარკვეული სამართლებრივი საკითხები საჭიროებს დახვეწას იმისთვის, რომ არ მოვიდეს წინააღმდეგობაში გამოხატვის თავისუფლებასთან. ჩემთვის მთავარი თემა არის, იქნება თუ არა ეს კანონი, როცა ის კანონი გახდება, თუ კანონი გახდება, ერთადერთი რეაგირება პარლამენტის მხრიდან 5-6 ივლისის მოვლენებზე. 5-6 ივლისის მოვლენებზე პირველი - დადგინდეს სიმართლე და მეორე - განხორციელდეს მართლმსაჯულება, შემდეგ რა თქმა უნდა შეგვიძლია ვისაუბროთ ამ ცვლილებებზე," - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

პარლამენტის ფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის" წევრი ტარიელ ნაკაიძე მიიჩნევს, რომ მსგავსი კანონების მიღება იწვევს სიტყვისა და გამოხატვის საშუალების შეზღუდვას. ის ამბობს, რომ ამ კანონს მხარს არ დაუწერს.

მმართველ გუნდში კი განმარტავენ, რომ აღნიშნული კანონპროექტის მიღება გამოხატვის თავისუფლებას არანაირად არ ეხება

"ეს არანაირად არ ეხება გამოხატვის თავისუფლებას იმიტომ, რომ თუ რომელიმე ადამიანი მოინდომებს რომელიმე დროშის შებღავლას საჯაროდ და მოიტანს სახლიდან ამ დროშას, დაწვავს ან დახევს, რა თქმა უნდა მას ამისთვის არ დაეკისრება არანაირი პასუხისმგებლობა. ეს ეხება მხოლოდ სახელმწიფო და ადმინისტრაციულ შენობებზე განთავსებულ დროშებს," - აცხადებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე.

სანქცია ფიზიკური პირის 1000 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს. ფაქტის გამეორების შემთხვევაში კი ჯარიმის თანხა გაორმაგდება ან 15 დღემდე პატიმრობით დაისჯება.

დღის ამბები