NDI-ის კვლევის შედეგებს უკვე მოჰყვა შეფასებები ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიცია აქცენტს კვლევის სპეციფიკაზე აკეთებს და აცხადებს, რომ სატელეფონო გამოკითხვის დროს მაღალია იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც პასუხის გაცემისგან თავს იკავებენ:
"კვლევას ვენდობით, მაგრამ როდესაც მოქალაქეების ნახევარზე მეტი ამბობს, რომ ის არ გასცემს პასუხს, ვინაიდან ეს სატალეფონო კვლევაა და ის რაღაცით დაისჯება, თუ ოპოზიციას დაასახელებს, ამ სპეციფიკიდან გამომდინარე არჩევნების შედეგების განსაზღვრა იქნება ძალიან ძნელი," - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე.
თავის არჩევანში დარწმუნებული ადამიანების მაჩვენებლის გაზრდის იმედი აქვს "ლელოს" წევრ ანა ნაცვლიშვილს. მისი თქმით, ამომრჩეველი არჩევნებამდე ჩამოყალიბდება და სწორ არჩევანს გააკეთებს.
"მე მგონია, რომ ქართული პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით ამომრჩეველი არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ჩამოყალიბდება დარწმუნებული ვარ და გააკეთებს სწორ არჩევანს,"- აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.
პოლიტიკური განწყობების ანალიზისთვის არასაკმარისად მიაჩნია კვლევის შედეგები "გირჩის" ერთ-ერთ ლიდერ იაგო ხვიჩიას. მისი თქმით, დიდია იმ ადამიანების რიცხვი, რომელიც გამოკითხვაში მონაწილეობაზე უარს ამბობს.
"70% უარს ამბობს გამოკითხვაში მონაწილეობაზე. 18 % ამბობს, რომ "ქართული ოცნების" მომხრეა, 6% "ნაციონალური მოძრაობის", ანუ როგორ შეიძლება სერიოზულად ვილაპარაკოთ, რომ ასეთი ტიპის კვლევიდან დასკვნების გაკეთება შეგვიძლია, როცა ასეთი მოცემულობა გვაქვს, პოლიტიკური აზრის და განწყობის გასარკვევად არაა ეს კვლევა, სხვა რამე შეიძლება უფრო დავინახოთ ამ კვლევიდან ვიდრე პოლიტიკური ნაწილი,"- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
პარტია "საქართველოსათვის" წევრი ნათია მეზვრიშვილი ამბობს, რომ მათი პარტიისა და ლიდერის მიმართ მხარდაჭერა ჩანს მოსახლეობასთან შეხვედრებში და დარწმუნებულია, რომ ეს მომავალში კვლევებშიც ნათლად აისახება:
"ჩვენ მხარდაჭერას და ამ მხარდაჭერის ხარისხს განვსაზღვრავთ მოსახლეობასთან შეხვედრებით და იმ განწყობებით რაც ჩვენი პარტიის და პირველ რიგში ჩვენი ლიდერის მისამართით მოდის და დარწმუნებული ვარ ეს შემდგომ კვლევებში ძალიან საგრძნობი იქნება," - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა