საქართველოს პრემიერ- მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი "ყირიმის პლატფორმის" სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც 40-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერები ესწრებიან. საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, პრემიერ-მინისტრი თავის გამოსვლაში დეოკუპაციასთან დაკავშირებულ პრობლემებზე გააკეთებს აქცენტს, რაც უკრაინასთან ერთად საქართველოს პრობლემაც არის.
"განვიხილავთ სწორედ ამ ჩვენს ხედვას და პოზიციებს, თუ როგორ ვუყურებთ ჩვენ ყირიმის პლატფორმას, რადგან ეს არამხოლოდ უკრაინის პრობლემა, ჩვენი პრობლემაც არის, რადგან მსგავსი გამოწვევა არსებობს ოკუპაციასთან და მცოცავ ანექსიასთან დაკავშირებით.
ამიტომ, საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობა, მათი მონაწილეობა ყველა იმ პროცესში, რაც არის დეოკუპაციასთან დაკავშირებული, არის ძალიან აქტუალური. ამიტომ, პრემიერ-მინისტრი თავის გამოსვლაში სწორედ ამ მიმართულებებზე გააკეთებს ძირითად აქცენტებს და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყირიმის პლატფორმა იყოს საქართველოს მხრიდანაც გამოყენებული ჩვენი ინტერესების უკეთ წარმოსაჩენად საერთაშორისო თანამეგობრობისთვის. სწორედ ამ კონტექსტში ვუყურებთ ყირიმის პლატფორმის ფარგლებში ჩვენს შემდგომ თანამშრომლობას,"-განაცხადა პრემიერმა.
საქართველოს დელეგაციის ვიზიტი უკრაინაში 21 აგვისტოს დაიწყო. ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილმა ოფიციალური შეხვედრები გამართა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის შეხვდა.
ასევე გაიმართა მოლაპარაკებები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალთან და უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე დმიტრო რაზუმკოვთან.
საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი იმყოფებიან.