საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყირიმის პლატფორმის სამიტზე სიტყვით გამოვიდა. სამიტში 40 სახელმწიფოს ლიდერები მონაწილეობენ, მათ შორის NATO-ს წარმომადგენლებიც. ყირიმის სამიტის ფარგლებში მიიღეს ერთობლივი დეკლარაცია.
"უსაფრთხოების მხრივ შექმნილი სიტუაცია ყირიმში, აღმოსავლეთ უკრაინაში, შავ და აზოვის ზღვებში ყველა ჩვენგანს ეხება. რუსეთის ქმედებებმა მიაყენა აღუწერელი ტანჯვა და დანაკარგი უკრაინელ ხალხს. ეს ქმედებები ძირს უთხრის საერთაშორისო სამართალს და წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო დღის წესრიგს. ჩვენ ვადასტურებთ ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან NATO-ს წევრი სახელმწიფოები. ჩვენ საქართველოსა და უკრაინასთან თანამშრომლობა გავაღრმავეთ, რაც მეტ წვრთნებში, პორტებში განხორციელებულ ვიზიტებსა და ინფორმაციის ურთიერთგაცვლაში გამოიხატება," - აცხადებს NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილე მირჩა ჯოანა.
ლატვიის პრეზიდენტი ეგილს ლევიტსი მიიჩნევს, რომ უცხო ქვეყნის ტერიტორიის ნაწილის ოკუპაცია არა 21-ე საუკუნის, არამედ მე-19 საუკუნის პოლიტიკაა.
"უცხო ქვეყნის ტერიტორიის ნაწილის ოკუპაცია არის მე-19 საუკუნის პოლიტიკა და არა 21-ე საუკუნის. ამიტომ ვფიქრობ, ამგვარი პოლიტიკა მიუღებელი უნდა იყოს საერთაშორისო საზოგადოებისთვის. სახელმწიფოს საზღვრების, ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა არის ევროპაში მშვიდობის საფუძველი. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ რამდენიმე შემთხვევა, სადაც საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა ხდება და უკრაინა ერთ-ერთი მათგანია, საბოლოოდ იმგვარად გადაწყდება, რომ სამართალი აღდგება. ყირიმის პლატფორმა, რომელიც აერთიანებს სახელმწიფოების ჯგუფს და საერთაშორისო აქტორები, როგორიცაა ევროკავშირი, ემსახურებიან უკრაინის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში შენარჩუნებას. უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ეს საკითხი დავიწყებას არ მიეცეს და მუდმივად იყოს პოლიტიკურ დღის წესრიგში," - აცხადებს ლატვიის პრეზიდენტი ეგილს ლევიტსი.
როგორც ლიეტუვას პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა ამბობს, დემოკრატიული სამყარო ერთად უნდა იდგეს თავისუფლებისა და ფუნდამენტური ღირებულებების დასაცავად და ეს დღეს ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია.
"ყირიმისა და სხვა ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება დიდი სურათის მხოლოდ ერთი ნაწილია, ჩვენ გამოწვევებით სავსე დროში ვცხოვრობთ, დემოკრატიული სამყარო ერთად უნდა იდგეს თავისუფლებისა და ფუნდამენტური ღირებულებების დასაცავად. ეს დღეს ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია. ჩვენი დაუყოვნებლივი მიზანი რეგიონალური თანამშრომლობის გაძლიერება უნდა იყოს, ეს ნამდვილად დაგვეხმარება იმ ახალ გამოწვევებთან ეფექტურ ბრძოლაში, რომელთა წინაშეც ახლა ევროპაა," - აცხადებს ლიეტუვას პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა.