16 ნოემბერი 2024,   14:02
ვრცლად
"დიახ აქციებს ვაპირებთ!" - გეგმავს, თუ არა ოპოზიცია ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობას - ენმ-ში სუსის განცხადებას უპასუხეს

სუს-ის მიერ გასვრცელებულ ინფორმაციას სახელმწიფო გადატრიალების შესაძლო მცდელობაზე, "ნაციონალურ მოძრაობაში" გამოეხმაურნენ. პარტიაში ამბობენ, რომ საპროტესტო ელექტორატს აქვს ყველა იმ ძალის გამოყენების კონსტიტუციური უფლება, რომელზეც სუს-ში საუბრობენ, შესაბამისად, ბრალდებები სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით, მათი თქმით, უსაფუძვლოა.  

"კონსტიტუციით მონიჭებული უფლებები შეიძლება გამოიყენოს ოპოზიციამ და ამაზე რომ სერიოზული სახით გამართავს კონკრეტული სამსახური ბრიფინგს, მგონია, რომ დიაგნოზიც შესაბამისად მარტივი გამოსატანია," - აცხადებს პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრი ლევან ხაბეიშვილი. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციას, "ქართულ ოცნებაში" "ნაციონალური მოძრაობის" ლუსტრაციას უწოდებენ. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ეს ფაქტი ადასტურებს, "ნაციონალური მოძრაობის", როგორც დესტრუქციული ძალის მიზნებს. 

"ადამიანებს ცოტა უცნაური შეხედულებები აქვთ არსებულ მდგომარეობაზეც და არსებულ საჯარო წესრიგთან დაკავშირებითაც. ასეთი მეთოდებით ბრძოლა ხელისუფლებისთვის ზოგიერთი პოლიტიკური ძალისთვის ერთგვარად დამახასიათებელი გახდა. თუმცა, ვისურვებდი, რომ ის ყველაფერი რაც გაცხადდა, სიმართლესთან შეუსაბამო იყოს,"- აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე. 

ოპოზიციონერი ლიდერის ლიკვიდაცია, სახელმწიფო შენობების ბლოკირება და გზების გადაკეტვა - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ოპერატიულ ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ ოპოზიცია არეულობისთვის ემზადება.

შეგახსენებთ, დღეს, "ნაციონალური მოძრაობა" და მისი მხარდამჭერები, პერმანენტულ აქციებს რუსთავის ციხესთან იწყებენ. მათი თქმით აქციები უწყვეტი იქნება, რომელიც გაგრძელდება, როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. 

დღის ამბები