სტრასბურგის სასამართლოს პრესრელიზი პოლიტიკურ სპექტრში დღესაც განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაა. განცხადებას, რომელშიც ევროპული სასამართლო მომჩივანს შიმშილობის შეწყვეტას, მთვარობას კი ექს პრეზიდენტის ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას სთხოვს, შეფასებები მოჰყვა ოპოზიციაში.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრების თქმით, იმისათვის, რომ მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა შეწყვიტოს, აუცილებელია ადეკვატური სამედიცინო პირობები იმისათვის, რომ შემდგომი რეაბილიტაციის პროცესი დაიწყოს. მათი თქმით, მათთვის მთავარი დასაყროდნობი სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ჯგუფის საბოლოოდ დაწერილი რეკომენდაციაა. სწორედ ამის შემდეგ დაიწყება სამომავლო გეგმებზე საუბარი.
"მიხეილ სააკაშვილმა გაითვალისწინა ევროსასამართლოს მოწოდება და პირდაპირ განაცხადა, რომ მზად არის შეწყვიტოს შიმშილობა. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ შიმშილობის შეწყვეტა ასევე შეიძლება უკავშირდებოდეს სასიცოცხლო რისკებს და ამაზე მედიკოსები საუბრობენ. და შესაბამისად, არის საჭირო ადეკვატური სამედიცინო პირობები იმისათვის, რომ შემდგომი რეაბილიტაციის პროცესი დაიწყოს.“ - აცხადებს პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” თავმჯდომარის მოადგილე, ლევან ბეჟაშვილი.
პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" წევრი, ვახტანგ მეგრელიშვილი ამ საკითხის კონტექსში ელენე ხოშტარიას შიმშილობას ეხმაურება და ამბობს, რომ თუკი ამვარი პროტესტი დიდხანს გაგრძელდება, შეიძლება საკმაოდ ზიანის მომტანი გამოდგეს.
"47 დღეა ადამიანი შიმშილობს და ჩვენი კოლეგებიც შიმშილობენ. რამდენიმე დღეა დაიწყეს სხვა ადამიანებმაც შიმშილი და ელენს ძალიან ეტყობა და შეიძლება ეს ძალიან სახიფათო იყოს ასეთი თამაშის დიდი ხნით გაგრძელება... მთავარი პრობლემა ეს მგონია, რომ ქართული ოცნება რეალურად ადამიანებს აშინებს იმით, რომ შესაძლებელია ის წესიერად არ უვლის მიხეილ სააკაშვილს,“ - ამბობს ვახტანგ მეგრელიშვილი.