ნიკა მელიას მიერ სხვა პლატფორმიდან ბრძოლის დაანონებასთან დაკავშირებით ოპოზიციურ სპექტრში შეფასებები გრძელდება. ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი ამბობენ, რომ ისინი უკვე დიდი ხანია ნიკა მელიას "ნაციონალურ მოძრაობაში" ვეღარ ხედავენ.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ევროოპტიმისტები" წევრი, ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ იმ პრობლემებმა, რომელიც "ნაციონალურ მოძრაობაშია" ბევრ ადამიანს არ მისცა საშუალება საქმიანობა გაეგრძელებინა.
"მე თუ მკითხავთ, მე მას ვეღარ ვხედავ ნაციონალურ მოძრაობაში, იმიტომ რომ იმ პრობლემებმა, რომელიც არის ამ პარტიაში, სამწუხაროდ, ბევრ ადამიანს არ მოგვცა საშუალება, რომ ამ პარტიაში გაგვეგრძელებინა ჩვენი საქმიანობა. ეს გადაწყვეტილება უნდა ემსახურებოდეს ოპოზიციური ფრონტის გაძლიერებას და არა დასუსტებას. ავტომატური ერთიანობა არ გამოდის, გაერთიანება გამოდის მხოლოდ ბრძოლის და ერთი საერთო მიზნის გარშემო." - აცხადებს ხატია დეკანოიძე.
პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ ნიკა მელია იქ უნდა იყოს, სადაც უფრო კარგად იგრძნობს თავს.
"პარტია არის გამოხატვის ინსტრუმენტი და სადაც უფრო კომფორტულად იგრძნობს თავს, იქ უნდა იყოს. ფლანგები არსებობს ყველა პარტიაში, ჩვენ ყველას, მიუხედავად იმისა, წარმოვადგენთ თუ არა ერთ პარტიას ან სხვადასხვა პარტიას, გვაერთიანებს ორი რამ - ერთი, ამ ქვეყნის ძლიერება და ევროპული მომავალი და მეორე, რუსული რეჟიმის ჩამოშორება. ვინც ამ საქმეში იქნება, ყველა არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, მათ შორის ნიკა მელია," - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" წევრი, ალექსანდრე რაქვიაშვილი ამბობს, რომ ნიკა მელიას პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილება დიდი ხნის წინ უნდა მიეღო.
"დიდი ხანია, რაც მელია უნდა წამოსულიყო "ნაციონალური მოძრაობიდან", რაც უფრო სწრაფად გააკეთებს მით უკეთესი, მინიმუმ გარკვეული იქნება პოლიტიკური ლანდშაფტი. ერთი მხრივ "ნაციონალური მოძრაობა" არსებობს, მეორე მხრივ რა ფორმით არსებობს - ვინ ჰყავს ლიდერი, ვინ ჰყავს პოზიციის ჩამომყალიბებელი, ეს უცნობია და მელიას წამოსვლა მეტ სიცხადეს შეიტანს. წინა არჩევნებმა გვაჩვენა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ხმები მიშას ხმებია მართლა, ამიტომ არა მგონია, რომ ბევრი ადამიანი გაყვეს მელიას", - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.