სასამართლოს მიერ რუსთავი 2-ის წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებებს არხის ხელმძღვანელობა და ადვოკატები მიზანმიმართულ ქმედებად აფასებს.
გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე, ზაალ უდუმაშვილი, განმარტავს, რომ რუსთავი 2-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართულია ხელისუფლება იმისათვის, რომ შეწყდეს სამაუწყებლო კომპანიის მუშაობა.
„ის, რაც დღეს რუსთავი 2 -ის გარშემო ხდება, მიკვირს როგორ აკეთებენ დამატებით კომენტარებს და როგორ შეუძლიათ რამეში რუსთავი 2 დაადანაშაულონ. ეს არის თეთრი ძაფით ნაკერი საქმე, სადაც მთელი სახელისუფლებო მანქანაა ჩართული, რომ როგორმე რუსთავი 2 გააჩერონ, ყველაზე ცუდი ის არის, რომ ხელისუფლების მთავარი ბერკეტი სასამართლოა, რომელიც ქვეყანაში მთავარი დემოკრატიული ინსტიტუტი უნდა იყოს წესით,"-განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
ზაალ უდუმაშვილი სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებასაც გამოეხმაურა. სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ "თბილისის საქალაქო სასამართლო გმობს პირდაპირ ეთერში მოსამართლის მიმართ გაჟღერებულ მუქარისა და ზეწოლის შემცველ განცხადებებს".
„რა არის ის, რაც ხდება სასამრთლოში და რასაც ბატონი ურთმელიძე აკეთებს, ეს ვისი მხრიდან არის ზეწოლა, მე, პირიქით შემიძლია კითხვა დავსვა,"-განაცხადა უდუმაშვილმა.
სამაუწყებლო კომპანიის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილის, თქმით, "რუსთავი 2 არ გაჩერდება და არცერთი ნაბიჯით უკან არ დაიხევს."
რუსთავი 2-ის ადვოკატები კი საჯარო რეესტრის განცხადებასაც ეხმაურებიან, რომელშიც ნათქვამია, რომ საჯარო რეესტრში დროულად არ იყო წარმოდგენილი სათანადო დოკუმენტები, თუმცა ამის მიუხედავად პროცესი მაინც არ დასრულდა.
ადვოკატები განმარტავენ, რომ საჯარო რეესტრი პოლიტიკურ დავალებას ასრულებს და მათ ყველა საჭირო დოკუმენტი დროულად, 30 სექტემბერს მიეწოდათ.