16 ნოემბერი 2024,   21:30
ვრცლად
საოლქო საარჩევნო კომისიები, საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ პირებს და წევრებს აირჩევენ

საოლქო საარჩევნო კომისიები, საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ პირებს და წევრებს აირჩევენ - ცესკო ჩართულ მხარეებს მოუწოდებს, ნუ შეეცდებიან პოლიტიკური დღის წესრიგის გამო კონკრეტული ადამიანების სტიგმატიზაციას და ნუ შეუშლიან ხელს კომისიებს, პროცესი კანონმდებლობის დაცვით წარმართონ. საკითხზე ცესკო-ში ბრიფინგი გაიმართა.

"საოლქო საარჩევნო კომისიებმა უნდა აირჩიონ 9 090 ხელმძღვანელი პირი და 15 150 წევრი.
მიუხედავად იმისა, რომ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ასარჩევად საოლქო საარჩევნო კომისიების სხდომები არც დაწყებულა, და შესაბამისად, არც არის ცნობილი თუ ვის აირჩევენ აღნიშნულ პოზიციებზე, უკვე დაწყებულია ზოგადად ამ პროცესის და ასარჩევ პირთა დისკრედიტაციის მცდელობა. ჩართული მხარეების სხვადასხვა წარმომადგენელი საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე ცდილობს ასარჩევ პირთა სტიგმატიზაციას და მიკერძოებულად წარმოჩენას.

ის, რომ დაინტერესებული მხარეები შეეცდებოდნენ პროცესის დაზიანებას, გარკვეულწილად პროგნოზირებადი იყო, ვინაიდან ანალოგიური ვითარება იქმნება ყველა არჩევნების წინ და როგორც საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრები, ისე საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები ჯერ კიდევ არჩევამდე ხდებიან სტიგმატიზაციის მსხვერპლნი.

ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ ჩართულ მხარეებს და დღეს კიდევ ერთხელ გვინდა შევახსენოთ მათ, რომ ასეთი უსაფუძვლო და მანიპულაციური განცხადებები აზიანებს არა მხოლოდ საარჩევნო ადმინისტრაციას და მის საქმიანობას, არამედ ზოგადად საარჩევნო გარემოს. ამიტომ ნუ შეეცდებიან პოლიტიკური დღის წესრიგის გამო კონკრეტული ადამიანების სტიგმატიზაციას და ნუ შეუშლიან ხელს საოლქო საარჩევნო კომისიებს, კანონმდებლობის დაცვით წარმართონ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა არჩევის პროცესი.

ასევე, მოვუწოდებთ პროცესში ჩართულ ყველა მხარეს, მათ შორის მედიას, ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, დააკვირდნენ არჩეულ პირთა საქმიანობას და მხოლოდ მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით/ქმედებებით შეაფასონ საარჩევნო ადმინისტრაციის თითოეული წარმომადგენელი.

თავის მხრივ საარჩევნო ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ყოველთვის იქნება საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლების, მათ შორის საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების ინტერესების დამცველი. ამავდროულად, საარჩევნო ადმინისტრაცია თითოეული საარჩევნო მოხელისგან მოითხოვს პროფესიონალიზმისა და ეთიკის იმ მაღალი სტანდარტების დაცვას, რომელიც გაწერილია ცოტა ხნის წინ მიღებულ დოკუმენტში. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ცესკომ 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ეთიკის კოდექსში ცვლილებები შეიტანა, რითაც საკუთარ საქმიანობაში მიუკერძოებლობის და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვის სტანდარტი კიდევ უფრო აამაღლა.

ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია თავის საქმიანობას კანონმდებლობის სრული დაცვითა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ახორციელებს და მოვუწოდებთ ჩართულ მხარეებს, უსაფუძვლო და მანიპულაციური განცხადებებით ნუ დააზიანებენ საარჩევნო პროცესს და ამ პროცესის ისეთ მნიშვნელოვან ეტაპს, როგორიცაა საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება.

ახლა კი გაგაცნობთ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების არჩევასთან დაკავშირებულ საკითხებს. შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მსურველებს საშუალება ჰქონდათ 2- 5 სექტემბრის პერიოდში განცხადებით მიემართათ შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიისთვის, ან საკონკურსო დოკუმენტაცია წარედგინათ სპეციალური ელექტრონული პლატფორმის (Konkursi.cec.gov.ge) საშუალებით. პროცედურების გამარტივების მიზნით, ცესკომ მსურველთათვის შეიმუშავა განცხადების სარეკომენდაციო ფორმა, რომელიც ასევე ხელმისაწვდომი იყო საოლქო საარჩევნო კომისიებში. სულ შემოვიდა 24 425 განაცხადი, საიდანაც 9111 საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ პირებზე გამოცხადებულ კონკურსში მიიღებს მონაწილეობას, დანარჩენი 15 314 კი კომისიის წევრობის კონკურსში.

აღსანიშნავია, რომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, წელს პირველად საოლქო საარჩევნო კომისია სერტიფიცირებულ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს აირჩევს. კანონმდებლობაში შესული ცვლილებების შესაბამისად, საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ არჩეული საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისთვის სერტიფიკატის ფლობა სავალდებულო გახდა. სერტიფიკატის აღების მსურველებისთვის მაქსიმალური ხელშეწყობის მიზნით საარჩევნო ადმინისტრაციამ მთელი ქვეყნის მასშტაბით რამდენჯერმე გაუწია ორგანიზება სერტიფიცირების გამოცდებს, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების ენებზე ნათარგმნი ტესტების გამოყენებით.

ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) მიმართავს საოლქო საარჩევნო კომისიებს იხელმძღვანელონ კანონმდებლობის შესაბამისად და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების არჩევისას გაითვალისწინონ ისეთი კრიტერიუმები, როგორებიცაა: პროფესიული და საარჩევნო გამოცდილება, საარჩევნო ადმინისტრაციაში კვალიფიციურად და მიუკერძოებლად მუშაობის გამოცდილება, საარჩევნო ადმინისტრაციის საგანმანათლებლო პროექტებში მონაწილეობა," - განაცხადა ბრიფინგზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა.

ავტორი: მარიამ ურუშაძე

დღის ამბები