საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, იმ სპორტსმენების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას გამოეხმაურა, რომლებიც "ქართული ოცნების" საარჩევნო სიის პირველ ოცეულში წარადგინეს.
კობაიძის განცხადებით, ამ ადამიანების წინააღმდეგ მიმართული კამპანია მიუღებელია. მათთვის, ვინც გენო პეტრიაშვილსა და ლაშა ტალახაძეს აკრიტიკებს, საქართველოს წარმატება მნიშვნელოვანი არ არის.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები ჩატარდეს ჯანსაღ გარემოში. ჯანსაღი გარემო, პირველ რიგში, გულისხმობს იმას, რომ არ უნდა იყოს ძალადობა, არ უნდა იყოს ე.წ ბულინგი, ზეწოლა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. სამწუხაროდ, დროდადრო, არის გარკვეული აქტები, რომელიც ხელს არ უწყობს ჯანსაღი ფორმით არჩევნების ჩატარებას, ჯანსაღი საარჩევნო გარემოს არსებობას. ყველას მოვუწოდებ, იმოქმედოს ისე, როგორც შედის ქვეყნის ინტერესებში.
რაც შეეხება კამპანიას, რომელიც ვიხილეთ იმ სპორტსმენებთან მიმართებაში, რომლებიც დასახელდნენ "ქართული ოცნების" საარჩევნო სიის ოცეულში - ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი. ესეც არის მორიგი აქტი, რომელიც არ შეშვენის არც საარჩევნო გარემოს, არც ქართულ კულტურას. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ასეთი ადამიანებისთვის არ არის ძვირფასი საქართველოს წარმატება, ქართული სპორტის წარმატება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.