30 სექტემბერი 2024,   18:27
ვრცლად
"რაც არ უნდა მოიგონონ, საბოლოო ჯამში გადამწყვეტი სიტყვა არის ხალხზე, რომელიც მივა არჩევნებზე და მოახდენს ცვლილებას" - ელენე ხოშტარია ნიკა გვარამიას განცხადებაზე

"რას გამოაცხადებს ცესკო, ვის აინტერესებს?" - ნიკა გვარამიას ეს ფრაზა პოლიტიკური ურთიერთბრალდებების საგანია. განცხადებაში ვერ ხედავს დესტაბილიზაციის ნიშნებს თავად ოპოზიცია. პარტიებში მიაჩნიათ, რომ ლოგიკური რეაქცია მოჰყვება ხელისუფელბის მცდელობას, შეინარჩუნოს ძალაუფლება არჩევნების ობიექტურ შედეგებზე ზემოქმედებით.

"კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა" ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია ნიკა გვარამიას პოზიციას იზიარებს.

"რაც არ უნდა მოიგონონ, საბოლოო ჯამში გადამწყვეტი სიტყვა არის ხალხზე, რომელიც მივა არჩევნებზე და მოახდენს ცვლილებას - ეს არის არსი მთლიანად ამ არჩევნების. რა ინტერპრეტაციას ეცდება "ქართული ოცნება", პროპაგანდას როგორ გამოიყენებს - არ არის საინტერესო. ქართველი ხალხი, არც ერთი ორგანიზაცია არ ტყდება და ეს არ გამოუვათ, ეს არის არსი ნიკას განცხადების და ხაზგასმით ვიზიარებ მეც მას.

მთავარი არის ის, რომ "ქართული ოცნება" ამ არჩევნებს ვერ გააყალბებს. შესაბამისად, მანიპულაცია და გაყალბების მცდელობა ცესკოს მხრიდან, ვერ მოიტანს შედეგს, გაიმარჯვებს ქართველი ხალხი", - აცხადებს "კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა" ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია.

"გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა ანა ბუჩუკურის თქმით კი, სხვა ოპოზიციური ლიდერების აზრების კომენტატორი არ არის.

"ის, რომ სახელმწიფო უწყებები არის სრულიად დაქვემდებარებული პარტიულ ვერტიკალს, ამაზე ჩვენს გუნდს არაერთი ბრიფინგი ჩაუტარებია, მათ შორის ცესკოში მიმდინარე პროცესებზე. მე არ ვარ კომენტატორი სხვა ოპოზიციური ლიდერების აზრებსა და კომენტარებზე, არ მაინტერესებს", - აცხადებს ანა ბუჩუკური.

"გირჩში" მიაჩნიათ, რომ გვარამია და მისი მიმდევრები რევოლუციონერები არ არიან.

"არ არის ჩემი აზრით ეს ხალხი რევოლუციონერები, მათ ტყუილად უბაზრებენ რევოლუციონერობას, რომ ხალხი შეაშინონ, თორემ არც ერთ მათგანს, რომ კარგად იცნობდეთ თქვენ, ეჭვიც არ შეგეპარებათ, რომ არანაირი რევოლუციის მომწყობი ესენი არ არიან. შეიძლება ხალხმა მოაწყოს რევოლუცია და ესენი ეცადონ, რომ თავზე მოაჯდნენ, მაგრამ თავისი ინიციატივით ეს ადამიანები რევოლუციონერები ნაღდად არ არიან", - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" თავმჯდომარე იაგო ხვიჩია.

დღის ამბები