15 ოქტომბერი 2024,   17:19
ვრცლად
“საერთაშორისო პოლიტიკამაც იცის სარკაზმი“ - ოპოზიციაში საქართველოში გერმანიის ელჩის განცხადებას აფასებენ

“დღეს ვიღაცამ ავტოგოლი გაიტანა“ - ამ შინაარსის სტატუსი პიტერ ფიშერმა სოციალურ ქსელი დაწერა. ელჩი სავარაუდოდ, კახა კალაძეს გამოეხმაურა, რომელმაც მანამდე გერმანიის ევროპულ საქმეთა მინისტრი გააკრიტიკა.

ანა ლიურმანმა ლუქსემბურგში განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება ქვეყანას ევროკავშირის გზაზე აფერხებს, პასუხად "ოცნების" გენერალურმა მდივანმა მას “კუბილიუსი კაბაში“ უწოდა და თქვა, რომ მის განცხადებებს ჩალის ფასი აქვს. “დიპლომატიურ ჩარჩოს აცდენილი“ - ასე აფასებს მმართველი გუნდი საქართველოში გერმანიის ელჩის განცხადებას.

ოპოზიციაში კი გერმანიის ოფიციალური პირების მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო, მმართველი გუნდის წევრებს აკრიტიკებენ:

“ასეთი შეურაცხმყოფელი განცხადებები გერმანიის ოფიციალური პირების მიმართ, პირველ რიგში აზიანებს განმცხადებელს და არა გერმანიის პოლიტიკური წრეების წარმომადგენლებს,“ - აცხადებს კოალიციის “ძლიერი საქართველო“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე.

ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი კი, ფიშერის მსგავს განცხადებას, საპასუხო რეაქციას უწოდებენ.

“ფიშერი წერს ავტოგოლს მგონი ძალიან მძიმე შეფასებაზე, რაც მის მიმართ გაჟღერდა, ჩვენს ხელისუფლებასთან ყველანაირი დიპლომატია უკვე ნაცადია. დღეს მოცემულობა შემდეგია, რომ ხელისუფლება უკვე ცალკე სუბიექტია, ამიტომ ესაუბრებიან ასე," - ამბობს პარტიის “გახარია საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი ბექა ლილუაშვილი.

რომან გოცირიძე კი აცხადებს, რომ “ეს დაცინვა აბსოლუტურად სწორია“:

“საერთაშორისო პოლიტიკამაც იცის სარკაზმი, ის კარგი ფეხბურთელი იყო, გოლი ყველას გაუტანია, მაგრამ როდესაც გოლი გაგაქვს საკუთარი ქვეყნის კარში, ეს დაცინვა აბსოლუტურად სწორია, დაცინვა მოსულა ასე ვთქვათ საერთაშორისო პოლიტიკაში და დიპლომატიის ენაშიც,“- აცხადებს პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე.

დღის ამბები