დღეს გაირკვევა იმ ადამიანების საბოლოო სია, ვინც მთავარი პროკურორის კანდიდატურას ხმა საგამოძიებო ორგანოს სახელით უნდა მისცეს.
საპროკურორო საბჭოში უწყების 8 კაციანი ქვოტის დაკომპლექტება ბოლო 2 წევრის გამორკვევით დასრულდება.
რის შემდეგაც პროცესებში იუსტიციის უმაღლესი საბჭო, პარლამენტი და სამოქალაქო სექტორი უნდა ჩაერთოს.
ფარულ კენჭისყრაში მონაწილეობდა 427 პროკურორი და გამომძიებელი და მათი ხმების დათვლის შემდეგ გახდება ცნობილი, ვინ შეავსებს პროკურორების მანდატს საპროკურორო საბჭოში.
პროკურორმა შოთა კვაჭანტირაძემ ის კრიტერიუმები ჩამოთვალა, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში კანდიდატი მიიღებს ხმებს.
“მთავარი პროკურორი არ უნდა იყოს პროკურატურის სისტემისთვის უცხო, მას უნდა ჰქონდეს პროკურატურის განვითარების და დამოუკიდებლობის განმტკიცების საკუთარი ძირეული გეგმა. იგი უნდა იყოს უცხო ნებისმიერი პოლიტიკური ძალისაგან და ამავდროულად უნდა იყოს ობიექტური, მიუკერძოებელი, მისთვის პრიორიტეტული უნდა იყოს საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებზე მორგებული სამართალწარმოების პროცესი,“ - განაცხადა შოთა კვაჭანტირაძემ.
პროკურორის გრიგოლ კეზევაძის თქმით, ყურადღება გამახვილდება ყველაფერზე რაც არის კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილების ფარგლებში.
ავტორი: ირინა კეჭაყმაძე