ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა, "დღის კურიერის" ეთერში, ხმის ფარულობის უფლების დარღვევასთან დაკავშირებით ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების პრეტენზიებზე ისაუბრა.
მისი თქმით, ამ საკითხებთან დაკავშირებით სპეკულაციებს წერტილი სააპელაციო სასამართლომ დაუსვა, რომელმაც ცესკოს პოზიცია სრულად გაიზიარა.
"რა თქმა უნდა, სასამართლო სისტემა მოქმედებს დამოუკიდებლად, თავისი შეხედულებისამებრ. ჩვენ თუ ვსაუბრობთ იზოლირებულად 1 შემთხვევაზე, როდესაც მოსამართლემ ინსტიტუციის პოზიცია არ გაიზიარა, ამის საპირწონედ, არის 23 სხვადასხვა რაიონული საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომლებმაც გაიზიარეს ინსტიტუციის პოზიცია ამ საკითხთან მიმართებაში.
სააპელაციო დონეზე, როგორც ქუთაისის, ისე თბილისის შემთხვევაში, ფაქტობრივად, წერტილი დაესვა იმ საკითხს [და გაირკვა], რომ ფარულობის დარღვევას არ ჰქონდა ადგილი. სასამართლომ გაიზიარა საარჩევნო კომისიების პოზიცია ამ საკითხთან მიმართებაში, რაც იმთავითვე ნათელი იყო, რომ ფარულობის დარღვევას ადგილი არ ჰქონია.
ის, რომ იზოლირებულ შემთხვევაში, უკანა მხარეს გამოჟონვის შემთხვევები სადმე ფიქსირდება (თუ ფიქსირდება), ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამომრჩევლის არჩევანი, მისი ნება არის იდენტიფიცირებადი," - აცხადებს კალანდარიშვილი.